საზოგადოება
გურჯაანის მერისთვის 70 ათასლარიან მანქანას შეიძენენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მუნიციპალიტეტის მერისთვის ახალ მანქანას ყიდულობს, რომლის ღირებულება 70 ათასი ლარია.


საკითხი საკრებულოს მორიგ სხდომაზე გაიტანეს, რამაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, თემურ ბუწაშვილის პროტესტი გამოიწვია.
„ყრილობაზე მიდიოდა და მანქანა ამ დროს დაამტვრია. ეს არის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რადგან არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ამფასიანი მანქანები ვიყიდოთ. როდესაც ოპერაციების თანადაფინანსებაზე სოციალურად დაუცველებს, ხშირ შემთხვევაში, უარით ისტუმრებენ, მერმა რომ მანქანა დაამტვრია, 70 ათასი ლარი ჩვენი ჯიბიდან უნდა ამოიღონ? მე საკრებულოზე დავსვი კითხვა: ვთქვათ, ვუყიდეთ მანქანა, ხვალ რომ ყინულზე მოცურდეს და ისევ დაამტვრიოს, კიდევ ამფასიანი უნდა ვუყიდოთ-მეთქი? პასუხი იყო - კიო. ეს წარმოუდგენელი სითავხედეა, “-განაცხადა თემურ ბუწაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს თბილისში, აქციაზე მიმავალი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი და პრესსამსახურის თანამაშრომლები ავარიაში მოყვნენ. ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში მოხდა. მერის ავტომანქანა სამარშრუტო ტაქსს შეეჯახა. მომხდარ ავარიაზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

| Print |
FaceBook Twitter Google