საზოგადოება
2 თოჯინა მინდა - 7 წლის მარიამის ოცნება [Video]
7 წლის მარიამი ბავშვთა სახლიდან ძმის დაბრუნებას მოუთმენლად ელის, მასთან ერთად დაჭერობანას თამაში განსაკუთრებულად უყვარს.

როდესაც ხვიჩა და მეგი ბაისუბნის ბავშვთა სახლიდან ოჯახში რამდენიმე დღით ბრუნდებიან, სახლში განსაკუთრებული სიხარულია. სიხარულს მარიამის საყვარელი ცუგაც იზიარებს და ბავშებთან ერთად ეზოში ისიც მხიარულად დარბის.

მარიამის ოცნება ჯერჯერობით თოჯინას უკავშირდება, გვეუბნება, რომ ბარბი ყველაზე მეტად გაახარებდა. უნდა რომ 2 ცალი ჰყავდეს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში ჭუმბურიძეების გაჭირვების ამბავი ყველამ იცის. შვიდსულიანი ოჯახი ს ერთადერთი შემოსავალი 450-ლარიანი სოციალური შემწეობაა, თუმცა ამბობენ, რომ ეს თანხა არაფერია და თავის გამოსაკვებადაც კი არ ჰყოფნით.

მერაბ ჭუმბურიძე გვიყვება, რომ რამდენიმე წლის წინ, „ბოსელი“, სადაც ცხოვრობდნენ, დაენგრათ, შემდეგ „სოფლის კანტორაში“ შეასახლეს. იქ არსებული გაუსაძლისი პირობების გამო, მიწის ნაკვეთი გაყიდა, ბლოკი იყიდა და სახლის მშენებლობა დაიწყო. მეზობლები ეხმარებოდნენ, თუმცა ჭერის გადახურვა უფულობის გამო ვეღარ მოახერხა.

აქ არც წვიმა უყვართ და არც თოვლი, რადგან მათთან ამ დროს ისევე წვიმს, როგორც გარეთ. სიცივის შესაკავებლად ფანჯრებსა და კედლებზე პოლიეთილენი აქვთ გაკრული. იატაკის ნაცვლად მიწურია. ერთ ოთახში კი, სითბოს შესანარჩუნებლად ძველი ხალიჩებია დაგებული.

საცხოვრებლად მხოლოდ ერთი ოთახია მოწყობილი. 5 საწოლი, მაცივარი, თაროზე შემოდგმული პატარა ტელევიზორი, ერთი მაგიდა სასადილოდ და ერთიც - ბავშვებისთვის, კიდევ რამდენიმე სკამი - ასე გამოიყურება ჭუმბურიძეების მთელი ქონება.

თვიდან თვემდე თავის გატანა უჭირთ, ამიტომ ახლომდებარე მაღაზიას პრუდუქტის ვალზე წამოსაღებად ხშირად აკითხავენ.
დავალიანების გამო, გაზი და დენი ჩაჭრილი აქვთ, სიბნელეში რომმ არ იყვნენ, ელექტროენერგიის ხაზი ძმის ოჯახიდან გამოიყვანეს, რომელიც მათ მეზობლად ცხოვრობს. სახლში ერთი შეშის ღუმელი უდგათ. ეს გათბობის საშუალებაცაა და ზამთარში გაზქურის მოვალეობასაც ასრულებს.

როგორც მერაბ ჭუმბურიძე ამბობს, ადგილობრივ თვითმმართველობას არაერთხელ მიმართა, რომ ჭერის გადახურვაში დახმარებოდნენ, თუმცა უშედეგოდ.

მეგის, ხვიჩას, ანას, მარიამს და ვიტალის რამდენიმე თვეში კიდევ ერთი ძმა შეემატებათ. სახელიც მოფიქრებული აქვთ, ხვიჩა უნდა დაარქვან.

ჭუმბურიძეების ოცნება უკეთესი საცხოვრებელი პირობებია, ისეთი მაინც, რომ სახლში აღარ წვიმდეს და უამინდობის დროს ჭერიდან ჩამოსული წყლისთვის სათლების შედგმა აღარ დასჭირდეთ.







როგორ ეხმარება მერია მრავალშვილიან ოჯახებს


სოფელ კართუბნის ადმინსიტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი სოსო ვარდიაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოში რა სოციალური პროგრამებიც არსებობს, ჭუმბურიძეების ოჯახი ყველა შემწეობით სარგებლობს.

-„რამდენიმე წლის წინ გადავეცით სახურავის მასალა, რაც საჭირო იყო. სახლის მშენებლობის პროცესში სამშენებლო მასალით შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდით. მეზობლებიც დაეხმარნენ. ეგ ოჯახი უყურადღებოდ არ გვყავს დატოვებული. წყალი რომ ჩამოსდით, შეიძლება ხარვეზით აქვს გადაფარებული ჭერი“.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, რომ მრავალშვილიან ოჯახებს, თითო ბავშვზე წელიწადში ერთჯერადად 100 ლარით ეხმარებიან. თუ ისინი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში ირიცხებიან, საახალწლოდ კი 200 ლარს ურიცხავენ.
მათივე ცნობით, გასულ წელს მუნიციპალიტეტში სულ 115 მრავალშვილიანი ოჯახი იყო, რომელთაგან 65-ს სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა. ასეთ ოჯახს მერია აგრეთვე ერთჯერადად 100 ლარს ურიცხავს კომუნალური გადასახადების დასაფარად.




| Print |
FaceBook Twitter Google