საზოგადოება
კახეთში ახალი საკონტროლო -გამშვები პუნქტები მოეწყო
დღეს დილიდან თავდაცვის ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმთან არიან მობილიზებულები. ვაზიანი-გომბორი-თელავის და თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელ მაგისტრალზე საკონტროლო -გამშვები პუნქტები განთავსდა.
მოქალაქეებს უტარდებათ თერმოსკრინინგი. გარდა ამისა, სამხედროები და ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ამოწმებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს მგზავრთა რაოდენობის შესახებ. ცენტრალური გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე ავტომობილები შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან.

ცოტა ხნის წინ გამშვები პუნქტები ადგილზე მოინახულა კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, რომელიც შეხვდა სამხედროებს, საპოლიციო ძალებს და ექიმებს.

"იმ საკონტროლო პუნქტებზე, რომელიც 31 მარტს თელავის ოთხ ადგილზე მოეწყო, მხოლოდ კახეთში მცხოვრები მოქალაქეების 20%-ის კონტროლი ხდებოდა, ამიტომ საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ ორი პუნქტი განლაგებულიყო ცენტრალურ მაგისტრალებზე. ",-განმარტავს კახეთის გუბერნატორი.

მისი განცხადებით, ამ ეტაპზე საგანგები მდგომარეობით გათვალისწინებული რეგულაციების და წესების დარღვევა არ ფიქსირდება.

ცნობისთვის, სოფელ ხაშმისა და სოფელ სასადილოს გზა ცენტრალური მონაკვეთია, რომელიც კახეთს დედაქალაქთან აკავშირებს.

საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი 30 მარტს გამოცხადდა, ქვეყანაში მოქმედებს ასევე, ე.წ. საკომენდანტო საათი.

| Print |
FaceBook Twitter Google