საზოგადოება
კახეთში კოვიდ 19-ით დაავადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა - რეგიონის გუბერნატორი
დღეს კახეთის რეგიონში 496 ადამიანი იმყოფება კარანტინში, 400-მდე ადამიანმა უკვე დატოვა ეს ზონა, და დღეს 12 ლოკაციიდან კიდევ 81 დატოვებს. დაახლოებით 802 რჩება თვითიზოლაციის რეჟიმში. ჯერჯერობით კახერთის რეგიონში კოვიდ 19-ით დაავადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. - ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

კახეთის რეგიონში დღეს, ვაზიანი-გომბორი-თელავის და თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელ მაგისტრალზე საკონტროლო-გამშვები პუნქტები განთავსდა, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგიც უტარდებათ.

„იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს ტემპერატურა ან სხვა რაიმე სინდრომი დაუფიქსირდა, აქ ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურაა, რომ მგზავრი გადაყვანილ იქნას სამედიცინო პუნქტში. მერე გამოძახებული იქნება სასწრაფო დახმარება, რომელიც შეასრულებს პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა სამედიცინო მოქმედებას და თუ საჭიროდ ჩაითვალა, ის ადამიანი გადაყვანილი იქნება ცხელების ცენტრში, რომელთაგან ერთი, აქვე ახლოს, საგარეჯოშია. შემდგომში დანარჩენი დაკვირვება ასეთ პირზე უკვე ცხელების ცენტრში განხორციელდება.“

შეგახსენებთ, რომ კახეთში ამ დროისთვის სულ 4 ცხელების ცენტრია გახსნილი: საგარეჯოში, ლაგოდეხში და ორიც თელავში.



| Print |
FaceBook Twitter Google