საზოგადოება
გურჯაანელი აღსაზრდელები კიდევ ერთ სასურსათო კალათას მიიღებენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა- ბაღების აღსაზრდელები კუთვნილი კვების პროდუქტებს განმეორებით მაისის დასაწყისში მიიღებენ. სასურსათო კალათა ამჯერად 11 პროდუქტისგან შედგება.

როგორც გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელი, ლელა თევდორაშვილი ამბობს, ამჯერად დაითვლება ის პროდუქტები, რაც ბავშვებს 15 აპრილიდან მაისის ბოლომდე, 30 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა მიეღოთ. ამჯერად დაემატა ის პროდუქტები, რომელიც პირველ სასურსათო კალათაში ვერ შევიდა.

„პირველ ეტაპზეც გვინდოდა რომ ყოფილიყო ლობიო და მაკარონი, მაგრამ იმ პერიოდში მომწოდებლებმა ვერ შეძლეს ამ პროდუქტების შემოტანა. ეხლა უკვე გადაგზავნილი გვაქვს მოთხოვნა მათთან და არ არის პრობლემა ამ პროდუქტებთან დაკავშირებით. თითოეული სასურსათო კალათა 35-დან 40 ლარამდე დაჯდება. 35-და 40 ლარამდე იმიტომ ვამბობთ, რომ ფასები მერყეობს, რა თქმა უნდა, აღარ ვყიდულობთ იმ ფასში, როგორც ტენდერები გვქონდა. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ახალ ხელშეკრულებებს ვდებთ მომწოდებლებთან, რა თქმა უნდა, შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხებით.“

ჯამში სასურსათო კალათებისთვის დაახლოებით 80 ათასი ლარია გამოყოფილი. ლელა თავდორაშვილის თქმით, ეს ის თანხაა, რომელიც უნდა გახარჯულიყო იმ შემთხვევაში, თუ ბავშვები ბაღში ივლიდნენ.
„ჩვენ ხომ ბიუჯეტი გაწერილი გვაქვს. ეს თანხები იმ ჩვენი დამტკიცებული ბიუჯეტის კვების მუხლიდან გადის.“

სასურსათო კალათა შეიცავს 11 პროდუქტს. მისი დარიგება მაისიდან დაიწყება.

პროდუქტები, რომელიც სასურსათო კალათაში შედის:

N პროდუქტის დასახელება რაოდენობა
1 ლობიო 1 კგ
2 კარტოფილი 2 კგ
3 ვაშლი 2 კგ
4 მაკარონი 1 კგ
5 შაქარი 1 კგ
6 ორცხობილა 1 კგ
7 შვრია 1 კგ
8 ზეთი 1 ლ
9 კარაქი 200 გრ.
10 რძე 1 ლ
11 კვერცხი 10 ც

გურჯაანის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის პირველი სასურსათო კალათების დარიგება აპრილის ბოლოს დაიწყო. მაშინ დაახლოებით 132 ათასი ლარის ღირებულების, 10 დასახელების პროდუქტი გადანაწილდა, მათ შორის იყო საქონლის ხორცი.
| Print |
FaceBook Twitter Google