საზოგადოება
გურჯაანის სამების ტაძარში სააღდგომო მსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება
როგორც გურჯაანის სამების ტაძრის მღვდელ-მონაზონი მამა ილია (ჭოველიძე) ამბობს, გურჯაანის სამების ტაძარში სააღდგომო მსახურება ჩატარდება, ოღონდ მრევლის გარეშე.

„ჩვეულებრივ იქნება მსახურება, რასაც ტიპიკონი გვიჩვენებს, ოღონდ მრევლის გარეშე. ღვთის მსახურებით, სტიქაროსნები, მედავითნეები და მგალბლები იქნებიან. მრევლი არ იქნება, მრევლი დათხოვილია. ჩვენ მეუფემ ასე გვაკურთხა, რომ მრევლი დავითხოვეთ, ყველა ლოცულობს სახლში და ყველა ვხვდებით აღდგომას ლოცვით.“ - განუცხადა speqtri.ge-ს მამა ილიამ.

მისივე თქმით, დილით ტაძარი ღია იქნება, სადაც ნებისმიერს შეუძლია მივიდეს და სანთელი დაანთოს.

„დილით ჩვეულებრივ ტაძარი ღია იქნება, მოვლენ დაანთებენ სანთელს, მაგრამ მსახურება არ აღევლინება. იქაც სტიქაროსნები დაიცავენ დისტანციას, ყველა წესი იქნება დაცული, რაც მთავრობამ და მედიცინამ დაგვიწესა. ყველას ვთხოვთ, რომ დაიცვან წესები. მომლოცველი, ვინც ეკლესიაში შემოვა, უნდა ჰქონდეს პირბადე და შესაბამისადაც უნდა იყოს შემოსილი. მე როგორც ვიცი გურჯაანი-ველისციხის ეპარქიის ყველა ტაძარში ასე იქნება“.




| Print |
FaceBook Twitter Google