საზოგადოება
თელაველი გიორგი ძიძიშვილი საზოგადოებას მოპედით მომსახურებას სთავაზობს
მთავრობის საგანგებო რეგულაციის მოხსნამდე, რომელიც 27 აპრილამდე ავტომობილით გადაადგილებაზე შეზღუდვასაც გულისხმობს, თელაველი გიორგი ძიძიშვილი საზოგადოებას საკუთარი მოპედით მედიკამენტებისა და საკვების მიტანას სთავაზობს. მან პოსტი სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის,, ერთ-ერთ ჯგუფში გამოაქვეყნა.

,,ამ ჯგუფში დაწერილი პოსტებიდან და კომენტარებიდან გამომდინარე გადავწყვიტე ხვალ დილის 07:00 საათიდან მოგემსახუროთ მე და ჩემი მოპედი. თელავთან ახლო მდებარე სოფლებში მცხოვრებებს შემიძლია მოგიტანოთ წამლები და ბავშვის საჭმელი ან პამპერსები. პირადში მომწერეთ რა წამლები გჭირდებათ, რომელ აფთიაქში ვიყიდო, ვიყიდი და ჩამოგიტანთ, ტრანსპორტირების არაფერი მინდა, ქვითარს მოვიტან და მხოლოდ წამლების საფასური აანაზღაურეთ. გთხოვთ შემეხმიანოთ მხოლოდ ისინი, ვინც ვერანაირად ვერ ხვდება თელავის აფთიაქებში და ვისაც უკიდურესად სჭირდება მსგავსი სახის დახმარება მცირეწლოვანი ბავშვებისათვის ან მოხუცებისთვის.  გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას,“- წერს ძიძიშვილი.


შეგახსენებთ, რომ მსუბუქი მანქანებით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე გახანგძლივდა. შეზღუდვა არ ეხება მხოლოდ სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, საკვებ და სასურსათო ობიექტებში მომუშავე პირებს, ადგილზე მიტანის სერვისის თანამშრომლებს, ინფრასტრუქტურული სამუშაოების განმახორციელებენ სუბიექტებს და სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა, მათ შორის ეკონომიკური დაშვებულია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში.

გარდა ამისა, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებისთვის ნებადართულია ავტომობილებით გადაადგილება კონკრეტულ საათებში. დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, დილის 6:00-8:00 საათამდე სავარგულებში წასასვლელად და საღამოს 18:00-19:00-მდე სახლში დასაბრუნებლად.

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, ეს ზომები მიღებულია იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობაში ჩავარდნა არ იყოს.


| Print |
FaceBook Twitter Google