საზოგადოება
როდის გაიხსნება გურჯაანის ბაზარი?
გურჯაანის ბაზარი ამ დრომდე დაკეტილია. როგორც შპს „გლეხური ბაზრის“ მფლობელი ნუკრი ლიპარტაშვილი ამბობს, ბაზარი სამი მიზეზით დაიხურა, რომელთა მოგვარებაც ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.

„ერთი ის არის, რომ ბაზრის ტერიტორიაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მთლიანად „გლეხურ ბაზარს“. იქ არის ამორტიზებული ჯიხურები, საიდანაც ხდებოდა ხორცის რეალიზება და არ იყო დაცული სტანდარტები.
მეორე იყო ის, რომ ბაზარს უნდა ჰქონდეს 2 შესასვლელი, ერთიდან უნდა ხდებოდეს შესვლის გაკონტროლება და მეორედან გასვლის.
და მესამე იყო სველი წერტილები. ტუალეტების მდგომარეობა არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. ზოგადად მთლიანად სამშენებლო სამუშაოები უნდა დასრულდესო, ასეთი იყო მითითება. წინააღმდეგ შემთხვევაში დავჯარიმდებოდით 15 ათასი ლარით. ჩვენ ამ პერიოდში დავიწყეთ მუშაობა და მოგეხსენებათ, სატრანსპორტო გადაზიდვები შეზღუდული იყო, შეზღუდვა იყო მაღაზიებზეც და ამის გამო ვერ მოგვარდა ეს საკითხები. ვფიქრობთ, ერთი თვის ვადაში დავასრულებთ სამუშაოებს და გავხსნით ბაზარს,“ - განუცხადა speqtri.ge-ს ნუკრი ლიპარტაშვილმა.

ბაზართან დაკავშირებით წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ქონებრივი დავა, რის გამოც სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ვერ ხერხდებოდა. სანიტარული ნორმების დარღვევის გამო, „გლეხური ბაზარი“ არაერთხელ დააჯარიმეს. თუმცა, როგორც ნუკრი ლიპარტაშვილი ამბობს, ამ ეტაპზე ქონებრივი დავა აღარ არსებობს.

„ქვედა ნაწილიც ჩვენი საკუთრებაა, უნდა მოხდეს მთლიანად დასუფთავება, იმ ჯიხურების დემონტაჟი და დასრულდეს სამშენებლო სამუშაოები სრულად.
ქონებრივი საკითხები სადავო აღარ არის. ჩვენ განცხადება უკვე შეტანილი გვაქვს. ითხოვენ დამატებით დოკუმენტაციას. ჩვენ მოგვივიდა შუალედური პასუხი მერიიდან, რომ უნდა წარვადგინოთ სადემონტაჟო ტერიტორიის პროექტი, რომელსაც ორშაბათს ან სამშაბათს ჩავაბარებთ. შემდგომ დაველოდებით ნებართვას და ნებართვიდან სამ დღეში დასრულდება დემონტაჟი, რადგან აქ არ არის კაპიტალური ნაგებობები. 60 კვადრატზე დიდი არც ერთი ფართი არ არის.“

რეგიონში ასევე დახურული იყო თელავის აგრარული ბაზარიც, თუმცა, დირექტორმა მერაბ თურქოშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სარემონტო სამუშაოები მალე დასრულდება და 27 აპრილს ბაზრის გახსნაც იგეგმება.

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, ადგილობრივმა საოპერაციო შტაბმა ბაზრების დახურვის გადაწყვეტილება იქიდან გამომდმინარე მიიღო, რომ ის თავშეყრის ადგილს წარმოადგენს, სადაც დიდი რისკია, რომ ვირუსის გადაცემის კერა გაჩნდეს.


| Print |
FaceBook Twitter Google