საზოგადოება
შეზღუდვები, რომელიც 27 აპრილიდან მოიხსნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი გეგმის შესაბამისად, ღონისძიებების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპი დღეიდან, 27 აპრილიდან ამოქმედდება. ეს ნიშნავს იმას, რომ 27 აპრილიდან დაშვებულია მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება, სრულად დაშვებულია ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ეხება იმ კომპანიებს, დაწესებულებებს და ობიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ წესებს.

ამასთანავე, როგორც ცნობილია, 15 აპრილის 21:00 საათიდან აკრძალულია თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით. თუმცა, 27 და 28 აპრილს, დასაშვებია აღნიშნულ დიდ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა კონკრეტული დანიშნულებით.

„27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია აღნიშნულ დიდ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით და არა სხვა მიზნებით, ხაზს ვუსვამ - მხოლოდ ფაქტობრივ მისამართზე დაბრუნების მიზნით. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ, იურიდიულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, მოქმედი რეგულაციის მიხედვით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ყველა სხვა შეზღუდვა ძალაში რჩება. მათ შორის, ძალაში რჩება კომენდანტის საათის მოქმედება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.
ამასთან, კვლავ გვსურს განვაცხადოთ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე შესაძლოა მოხდეს როგორც მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება, ასევე ყოველი შემდგომი ეტაპის ამოქმედების ვადის გადახედვა", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერის პრეს სპიკერმა განმარტა, რომ ზემოთ აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.


| Print |
FaceBook Twitter Google