საზოგადოება
გამარჯობა, სამყარო, გამარჯობა, დედამიწა!.. - ქართველი ემიგრანტის წერილი იტალიის პრემიერს
ქართველი ემიგრანტი ეკა თავბერიძე უკვე მეშვიდე წელია იტალიაში ცხოვრობს და მოხუც ცოლ-ქმართან მუშაობს. წერილში, რომელიც იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯუზეპე კონტეს მისწერა, ის ემოციურად აღწერს, თუ როგორ უმკლავდებიან უხილავ მტერს, კორონავირუსს.
„ვუყურებდი მათ გაოცებულ და შიშჩამდგარ თვალებს და ვცდილობდი არ ეგრძნოთ, რა ხდებოდა გარეთ, ისევ ვმღეროდით, ისევ ვდარდობდით, ისევ გვჯეროდა და გვწამდა… მე და კიდევ ბევრი ქართველი ღირსეულად დარჩა გემზე კაპიტანივით. ჩვენ, გვიყვარს ჩვენი მეორე ოჯახი იტალია!“
ეს წერილი, რომლის ქართული ვერსიაც რამდენიმე დღის წინ speqtri.ge-ს თავად ავტორმა გამოუგზავნა, სწორედ ემიგრანტების ერთობლივ სურვილს და ოცნებას გამოხატავს.

„გამარჯობა, სამყარო… გამარჯობა, დედამიწა… გამარჯობა, ჩემო იტალია! მე უკვე მეშვიდე წელია, შენი ფრთის ქვეშ ვარ ჩემს, ბებიასთან და ბაბუასთან ერთად. ერთად ვმღერით, ერთად ვდარდობთ, ერთად გვჯერა და გვწამს უკეთესი მომავლის.

ჩვენ გვინდა სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა! ამ განსაცდელის ჟამს, ჩვენი ცრემლები ერთმანეთს შეუერთდა და კონტე და მთელი სამყარო, ერთად ვტიროდით, რამეთუ უხილავი მტერი, განურჩევლად ერისა და ბერისა გვანადგურებდა, მოდიოდა ცელით და შეჩერებას არ აპირებდა …

ჩვენმა ერთობამ და თანადგომამ, აქაც გადამწყვეტი როლი ითამაშა. ლოცვამ, ვედრებამ და მედიცინის მუშაკთა თავდადებამ ნაყოფი გამოიღო, განაიარაღა უხილავი მტერი და ნიღაბი ჩამოხსნა მას. მსოფლიოს ისტორიაში დიდი გარდატეხა მოხდა, გამოჩნდა ვინ გაიზიარა და გვერდში დაუდგა იტალიელ ხალხს, ამ საშინელი განგაშის დროს. დიდი სიამაყით მინდა განვაცხადო, დახმარების და თანადგომის ხელი, ბევრმა აქ მყოფმა ქართველმა შესთავაზა იტალიის არა ერთ კლინიკას.

ჩვენი ექიმებისა და მედიკოსების, კეთილშობილებითა და გამოცდილებით, მხარშიდგომითა და ღვაწლით, ჩვენი წვლილი შევიტანეთ იტალიის უახლეს ისტორიაში. პანდემიას ერთად ვამარცხებთ! მიუხედავად იმისა, რომ ფრენები დაუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ შინ 6 წლის უნახავი შვილი მელოდება, ჩემი ავადმყოფი მშობლების იმედად, არ ვუღალატე იტალიას, არ ვუღალატე ბედის ანაბარა დარჩენილ, ოჯახის წევრებადქცეულ, ჩემს მოხუცებს, იმ დროს, როდესაც მათ, ჩემს გარდა ვერავინ მოუვლიდა, ვერავინ მოუმზადებდა სადილს, ვერავინ დაალევინებდა საათების მიხედვით წამალს, ვერავინ დაეხმარებოდა საწოლიდან წამოდგომაში და გამკაცრებული კონტროლისა და რეჟიმის მიუხედავად, ვერავინ მოუტანდა, საკვებს, წამალსა თუ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საშუალებებს…

ვუყურებდი მათ გაოცებულ და შიშ ჩამდგარ თვალებს და ვცდილობდი არ ეგრძნოთ, რა ხდებოდა გარეთ, ისევ ვმღეროდით, ისევ ვდარდობდით, ისევ გვჯეროდა და გვწამდა… მე და კიდევ ბევრი ქართველი ღირსეულად დარჩა გემზე კაპიტანივით. ჩვენ, გვიყვარს ჩვენი მეორე ოჯახი იტალია! სადაც უკვე, მეშვიდე წელია ველოდებით დამსახურებულ “პერმესოს” რომელიც თავს, სრულფასოვან ადამიანად გვაგრძნობინებს, რომელსაც არ დასჭირდება სიკეთის საკეთებლად დამალვა, კონსპირაცია და თავის მართლება. ახლაა სწორედ ღირსეული მადლიერების დრო, შეწყალებისა თუ მოწყალების, ჩვენ გვჯერა თქვენი, რომ მოგვცემთ იტალიის მიწაზე, დარჩენილ უსაბუთო ემიგრანტებს, ღირსეული სტუმრების საბუთს, რამეთუ არ გამოვირჩეოდეთ სხვა ემიგრანტებისაგან, ვისაც თავის დროზე ეს უფლება მიენიჭათ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, სრულიად იტალიის ხელისუფლებავ, ეს თხოვნა და მოგვანიჭოთ ამ პანდემიის დამარცხების ზღურბლზე, თავისუფალი სუნთქვის საშუალება, რამეთუ დაფასებული ადამიანი უკეთ უძღვება დაკისრებულ ვალდებულებას და თავს ღირსეულ პერსონად თვლის, თქვენს სამყაროში. ვიმედოვნებ, გაითვალისწინებთ ჩვენს მდგომარეობას და დაგვასაჩუქრებთ, როგორც პანდემიის პერიოდის გმირებს თავისუფლებით, რამეთუ არ გვეშინოდეს სიკეთის კეთების, სიყვარულისა და თავდადების. მე მჯერა თქვენი კეთილგონიერების და დიდსულოვნების. მადლიერებით თქვენი “მონა მორჩილი “კატერინა საქართველოდან.

P.S : და ეს ყველაფერი, ოქროს ასოებით ჩაიწერება იტალიის ახალ ისტორიაში , რომელსაც იტალიის და საქართველოს მეგობრული ხელი დაერქმევა.”

- ეკა თავბერიძე

| Print |
FaceBook Twitter Google