საზოგადოება
როგორ მიიღებენ დახმარებას ადამიანები, რომლებსაც ხელფასი აღარ ერიცხებათ - ინსტრუქცია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინსტრუქცია თუ როგორ უნდა ვისარგებლოთ ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის II ეტაპით გათვალისწინებული მიზნობრივი სოციალური დახმარებით და საგადასახადო შეღავათებით. დოკუმენტში ასევე განხილულია იმ ადამიანების დახმარების საკითხიც, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო დაკარგეს სამსახური ან იმყოფებიან უხელფასო შვებულებაში.

დაქირავებულთა დახმარება, რომელთაც აღარ ერიცხებათ ხელფასი

აღნიშნული პირების დასახმარებლად დაწესდა 1200 ლარიანი კომპენსაცია, რომლის გაცემა განხორციელდება მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით.

კომპენსაციის მიღება შეეძლებათ იმ დაქირავებულებს, რომლებიც 2020 წლის პირველი სამ თვეში (იანვარი, თებერვალი, მარტი) ერთხელ მაინც აქვთ აღებული ხელფასი და ამის შესახებ მის დამქირავებელს საგადასახადო დეკლარაციასთან ერთად შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ პირზე გაიცა ხელფასი.

დაქირავებულზე კომპენსაციის გაცემა ხდება საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით.
საწარმო ყოველი თვის 15 რიცხვამდე ელექტრონულად, გადასახადის გადამხდელის (დამქირავებლის) პირადი ვებგვერდის https://eservices.rs.ge/ მეშვეობით, დადგენილი ფორმით წარადგენს ინფორმაციას, სადაც მიეთითება იმ პირთა სია, რომლებზეც ხელფასი გაცემული აქვს 2020 წლის პირველ კვარტალში ერთხელ მაინც და აღარ გაუცია წინა თვეში.

ინფორმაციაში მიეთითება:
  • დაქირავებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
  • დაქირავებულის საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი);
  • დაქირავებულის საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი).

ყოველი თვის 20 რიცხვამდე, საწარმოების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური აკეთებს საკომპენსაციო პირების ერთიან ბაზას და უგზავნის სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს (შემდგომში სააგენტო). საკომპენსაციო სიაში ვერ მოხვდებიან ის პირები, რომლებზეც შემოსავლების სამსახურის ბაზაში დაფიქსირებულია, რომ მათზე ამავე თვეში გაცემულია ხელფასი.

მაგალითისთვის: შესაძლებელია 15 მაისს დაქირავებულზე კომპანია „ა“-მ წარადგინა ინფორმაცია, რომ აპრილში მასზე არ გაუცია ხელფასი, მაგრამ კომპანია „ბ“-ს წარდგენილ დეკლარაციაში ჩანს, რომ ამავე პირზე გასცა ხელფასი. ამ შემთხვევაში, ეს პირი ვერ მოხვდება საკომპენსაციო სიაში.

დამქირავებელს საშუალება აქვს დააზუსტოს მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია შესაბამისი თვის 20 რიცხვამდე, ანუ დეკლარაციის წარდგენიდან 5 დღის განმავლობაში, რის შემდგომაც შემოსავლების სამსახური სააგენტოს უგზავნის დაზუსტებულ სიას.

სააგენტო, შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ სიაში არსებულ პირებზე ახორციელებს საკომპენსაციო თანხების გადარიცხვას შესაბამისი თვის 30 რიცხვამდე.

იმ შემთხვევაში, თუ საკომპენსაციო სიაში არსებულ პირზე დაფიქსირდა ხელფასის გაცემა, შეწყდება მასზე კომპენსაციის გაცემა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განმარტებით, თავად უხელფასოდ დარჩენილ პირებს არანაირი დოკუმენტის წარდგენა არ დასჭირდებათ.
| Print |
FaceBook Twitter Google