საზოგადოება
70 წელს გადაცილებულები მომსახურებას იუსტიციის სახლში ვიზიტის გარეშე მიიღებენ
იუსტიციის სახლში ვიზიტის დაჯავშნა არ სჭირდებათ 70 წლისა და მეტი ასაკის პირებს, ასევე, მათ, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლია. მათთან მიმართებით განსხვავებული წესი მოქმედებს.

„ისინი მთელ რიგ სერვისებზე განაცხადის გაკეთებას (მათ შორის, როცა პირველად იღებენ დოკუმენტს) სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ, მათ შორის ისეთ მოთხოვნად სერვისებზე, როგორებიცაა: პირადობის მოწმობა, პასპორტი, ქონების რეგისტრაცია და სხვა, ამისათვის მოქალაქემ უნდა დარეკოს იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე 2 405-405 და ინფორმაცია მიაწოდოს ოპერატორს, რის შემდეგაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ეკიპირებული სააგენტოს თანამშრომლები განაცხადის მისაღებად და საჭირო პროცედურების განსახორციელებლად დაინტერესებულ პირს 10 დღის ვადაში მის მიერ მითითებულ მისამართზე მიაკითხავენ. აღნიშნული კატეგორიის პირებისთვის ეს მომსახურება უფასოა, მზა დოკუმენტს კი, მოქალაქეები ფოსტით მიიღებენ.“ - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ კატეგორიის მოქალაქეების გარდა, ყველა სხვა მომხმარებელი ვალდებულია ვიზიტი წინასწარ დაჯავშნოს ვებპორტალ my.gov.ge-ს საშუალებით. სხვაგვარად ისინი იუსტიციის სახლშ ვერ მოხვდებიან.
შენობაში არ დაიშვებიან არასრულწლოვნები, დანარჩენ მოქალაქეებს კი აუცილებლად უნდა ეკეთოთ პირბადე.

იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები აღნიშნული ფორმატით მომსახურებას კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნამდე გააგრძელებენ.


| Print |
FaceBook Twitter Google