საზოგადოება
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გურჯაანის მერია 400 ლარით დაეხმარა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი აკრძალვების გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით ხვალ ღონისძიება არ გაიმართება, მაგრამ ვეტერანები სახელმწიფოსგან და მერიისგანაც საჩურებს მიიღებენ.



როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა, თეიმურაზ ზავრაშვილმა speqtri.ge-სთან განმარტა, მათ ანგარიშზე 400 ლარი უკვე დაურიცხეს.

„მოგეხსენებათ 75 წლისთავია ფაშიზმზე გამარჯვების და პომპეზურად ვაპირებდით აღნიშვნას, მაგრამ კორონავირუსმა თავისი კორექტივები ყველა მიმართულებით შეიტანა, რასაკვირველია ამ ღონისძიებაშიც. ეს არის არამარტო გამარჯვების დღე, არამედ დიდი ტკივილი, იმიტომ, რომ დაახლოებით 400 000-მდე ადამიანი, საუკეთესო გენოფონდი გაწყდა ფაშიზმთან ომის პერიოდში. ამიტომ, ვინც ამ წლების მემატიანედ დარჩა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გვინდა მოვეფეროთ.“

თეიმურაზ ზავრაშვილის თქმით, გარდა ფულადი საჩუქრისა, ვეტერანებს საიუბილეო მედალსაც გადასცემენ.

„საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით დამზადებულია საიუბილეო მედლები, რომლებსაც გადავცემთ ჩვენს ვეტერანებს. სახელმწიფოს მიერ გადაეცემათ, ასევე სამედიცინო ვაუჩერი. ეს შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერი მომსახურებისთვის, რომელსაც საყოველთაო დაზღვევა ვერ სწვდება. გარდა ამისა, ჩვენმა მუნიციპალიტეტმა პლასტიკურ ბარათებზე თითოეულ ვეტერანს 400 ლარი უკვე დაურიცხა, ასევე გადავცემთ კარგ სასურსათო პაკეტს. ეს არის მცირედი, რითაც შეგვიძლია მათი ძალიან დიდი ღვაწლი, შრომა, სისხლისღვრა დავუფასოთ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ვეტერანს, ვინც ცოცხალია და მივაგო პატივი ყველა იმ გმირს, რომელიც დღევანდელ დღეს ვერ მოესწრო.“

დღეისათვის გურჯაანის მუნიციპალიტეტში მხოლოდ 4 ვეტერანია დარჩენილი.

ესენი არიან:
გიორგი ბადალაშვილი, სოფელი ვაჩნაძიანი
იოსებ ბეციაშვილი, სოფელი გურჯაანი
ვერა იმერლიშვილი, სოფელი გურჯაანი
მარიამ ბეჟაშვილი, სოფელი ჭანდარი


| Print |
FaceBook Twitter Google