საზოგადოება
მართვის უფლების მისაღებად პრაქტიკული გამოცდები 18 მაისიდან აღდგება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 18 მაისიდან, COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე შეზღუდული სერვისების მიწოდებას ეტაპობრივად იწყებს და ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმს უბრუნდება.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, პირველ ეტაპზე აღდგება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები.

„იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით. ამასთანავე აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი.“ - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ ეტაპზე, მომსახურების სააგენტოში დროებით არ ხორციელდება:

- სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ელექტრონული რიგის დაჯავშნა და თეორიული გამოცდის მიღება;

- ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები.

რაც შეეხება ცნობებს პირის ნასამართლობის, მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ამ ეტაპზე განაცხადის მიღება ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ვებგვერდიდან.

სატრანსპორტო საშუალების საბაჟო და სარეგისტრაციო მომსახურება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.


| Print |
FaceBook Twitter Google