საზოგადოება
კახეთი კვლავ მწვანე ზონად რჩება
კახეთში კორონავირუსზე გამოსაკვლევად ნიმუშების აღება კვლავ მიმდინარეობს როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთუს განყოფილების ხელმძღვანელი , ნელი ხიზანიშვილი ამბობს, გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში ტარდება მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც.

„კერძოდ გამოკვლევები უტარდება ისეთ ჯგუფებს, როგორიცაა: სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები.“

ხიზანიშვილის განმარტებით, ამ დროისთვის რეგიონში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია. დღეის მდგომარეობით Covid-19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება. 21 მაისს ლუგარში კახეთიდან 286 ბიოლოგიური მასალის ნიმუში გაიგზავნა. 245 ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია.

სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 3634 ნიმუში, აქედან 1166 მედპერსონალია, 1365 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი - 193.

თვითიზოლაციაში იმყოფება 16 მოქალაქე. მეთვალყურეობიდან მოიხსნა 4.
რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 8 ლოკაციაზე იმყოფება 245 მოქალაქე.





| Print |
FaceBook Twitter Google