საზოგადოება
საქართველოს საზღვარზე შემოსულ ტრაილერის ყველა მძღოლს სწრაფი ტესტი ჩაუტარდება
ახალი რეგულაციის თანახმად, საქართველოს საზღვარზე შემოსულ ყველა საერთაშორისო გადაზიდვების, ე.წ.ტრაილერის მძღოლს საზღვარზე შემოსვლისთანავე ჩაუტარდება კოვიდ ინფექციაზე სწრაფი მარტივი ტესტი, როგორც ანტისხეულებზე ასევე ანტიგენზე. - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

„ამ პროცედურას, პასუხის გაცემის დროის ჩათვლით, სავარაუდოდ, ნახევარი საათი დასჭირდება. უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, მძღოლი გააგრძელებს გზას. ნებისმიერი ტესტის დადებითი შედეგის შემთხვევაში, მძღოლი გადაყვანილი იქნება ცხელების ცენტრში, კახეთის რეგიონის შემთხვევაში ეს იქნება ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკა. იქ აუღებენ ნიმუშს უკვე PCR ტესტირებისათვის და დაელოდებიან საბოლოო დამადასტურებელ შედეგს.“

ნელი ხიზანიშვილის განცხადბეით, ნიმუშის აღებასა და ტესტის ჩატარებაზე გადამზადდა ლაგოდეხის საბაჟოს 4 თანამშრომელი. 29 მაისიდან მათ უკვე დაიწყეს ლაგოდეხის საზღვარზე შემოსული შესაბამისი კონტინგენტის ტესტირება.

აქვე შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის რეგიონში კოვიდ 19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.


| Print |
FaceBook Twitter Google