საზოგადოება
ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა აგვისტოს ბოლოს დასრულდება
გურჯაანში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ობიექტი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე შენდება.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, კოტე ბერიძიშვილის განცხადებით, სამუშაოების 70% უკვე დასრულებულია.
„მშენებლობა გასული წლის დეკემბერში დაიწყო. კოვიდ 19-ის პირობებში პროცესი ცოტა შეფერხდა. სამუშაოები აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულდეს და სექტემბრიდან სავარადუოდ, უკვე შევა ექსპლუატაციაში. კეთდება ადმინისტრაციული და კარანტინის შენობები. იქნება ვეტერინარული კლინიკა, ლაბორატორია, ვოლიერები და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა. თავშესაფარში იმუშავებს 24-საათიანი ქოლცენტრი. მოხდება ცხოველების ჩამოყვანა, მათი დამუშავება და ბუნებაში დაბრუნება.“

მისივე თქმით, სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და ღირებულება მილიონ 700 ათასი ლარია. თანადაფინანსების სახით თანხას გაიღებს კახეთის რვავე მუნიციპალიტეტი.






| Print |
FaceBook Twitter Google