საზოგადოება
საკარანტინო ზონებისთვის ბიუჯეტიდან 32,5 მილიონი დაიხარჯა
10 მარტიდან 22 მაისამდე, ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს მიერ 84 სასტუმროში დაჯავშნილი იყო 6 500-ზე მეტი ოთახი, სადაც კარანტინი გაიარა 19 002-მა ადამიანმა. დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი შეადგენს 32.5 მლნ ლარს. - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში.


„ ამასთან, 2 თვის განმავლობაში მუდმივად დაკავებული იყო საშუალოდ 4 500-5 000 ოთახი. პროექტის განხორციელებით ხელი შეეწყო 23 მცირე ზომის (5-დან 40 ნომრამდე), 42 საშუალო (41-დან 100 ნომრის ჩათვლით) და 18 დიდი ზომის სასტუმროს (101 ნომერი და ზემოთ) ოპერირებას, რამაც უზრუნველყო როგორც სექტორის წარმომადგენლებისათვის, ისე სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის სამსახურისა და შემოსავლების შენარჩუნება.

უნდა აღინიშნოს, რომ საკარანტინო ზონების პროექტის არსებობით ხელი შეეწყო არა მხოლოდ COVID19-თან ეფექტიან ბრძოლას, არამედ ისეთი სფეროების წარმომადგენლების ფინანსურ მხარდაჭერას, როგორიცაა: სატრანსპორტო სერვისი, ქეითერინგი და საკვები პროდუქტების დისტრიბუცია, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება და სხვ.“ - აღნიშნულია ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნა დაიწყო 2020 წლის 10 მარტიდან, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე.

საზღვრებიდან სასტუმრომდე მოქალაქეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა მთავრობა. გრძელი მანძილების შემთხვევაში, გათვალისწინებული იყო კვება.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას სასტუმროს ნომრის ღირებულება ყოველ ჯერზე წარმოადგენდა მოლაპარაკების საგანს. თუმცა, 2020 წლის 21 მარტიდან ახალი სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას პროექტში ჩართული ყველა სასტუმროსათვის ამოქმედდა ერთიანი ტარიფი, რომელიც ითვალისწინებს სასტუმროს ნომრის ღირებულებას - 59 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), საიდანაც სამჯერადი კვებით მომსახურებაზე ფიქსირებული ტარიფი ყოველი სასტუმროსათვის შეადგენს 25 ლარს.
| Print |
FaceBook Twitter Google