საზოგადოება
კურორტ „ახტალაზე“ სეზონი 15 ივნისს გაიხსნება
კურორტი „ახტალა“ დამსვენებლების მისაღებად ემზადება. როგორც ჩვენთან საუბარში დირექტორმა, გოგა უტიაშვილმა აღნიშნა, წელს სეზონი ცოტა მოგვიანებით გაიხსნება.

„საკურორტო სეზონი წლებია უკვე პირველი მაისიდან იწყება. თუმცა იმის გამო, რომ წელს კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებით შეფერხება იყო, აღნიშნულმა თარიღმა გადაიწია. ჩვენ უკვე მზად ვართ დამსვენებლების მისაღებად. ვიყიდეთ ყველა საჭირო ინვენტარი და სითხეები, რომელსაც ვირუსთან დაკავშირებით რეგულირების სამსახური ითვალისწინებს. ამჟამად მიმდინარეობს კურორტის გენერალური დასუფთავება. ორშაბათს გავაგზავნით შეტყობინებას ჯანდაცვის სამინისტროში. ჩამოვლენ და შეამოწმებენ. თუ კურორტი რეგულაციებს დააკმაყოფილებს, 15 ივნისიდან გაიხსნება. როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩაგვეტარებინა, იმ პერიოდში ონლაინ რეჟიმში ვმუშაობდით. რადგან დროში ვიყავით შეზღუდულები, მნიშვნელოვანი სიახლე არ გვაქვს. თუმცა რაღაც მაინც გაკეთდა. შეიღება კორპუსი და საპროცედურო, გამოიცვალა ინვენტარი.“

გოგა უტიაშვილის ამბობს, რომ კურორტს დამსვენებელი ეყოლება. მისი თქმით, ადმინისტრაციას დღეში რამდენიმე ათეული ადამიანი უკავშირდება.
„გვირეკავენ და კონსულტაციებს გადიან. ბევრი ახალი პაციენტიც გვეყოლება, რომლებიც ამ დრომდე არ ყოფილან ჩვენთან. ადრე ვღებულობდით დამსვენებლებს: უკრაინიდან, რუსეთიდან, შუა აზიიდან, თუმცა, ჯერჯერობით მათგან შეკვეთები არ გვაქვს. კურორტზე მოსულ პაციენტებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, ამისთვის ყველანაირი პირობა და აღჭურვილობა გვაქვს.“

მისივე თქმით, თუ ქვეყანაში ინფექციის მეორე ტალღა არ იქნება, კურორტი დამსვენებლებს ნოემბრამდე უმაპინძლებს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ახტალა / სეზონი /