საზოგადოება
დღეიდან რესტორნები და სასტუმროები ფუნქციონირებას იწყებენ
დღეიდან რესტორნებში ყველა სახის მომსახურება აღდგა. ობიექტები დღეიდან შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით იმუშავებენ.
აგრეთვე  დღეიდან იხსნება მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებმაც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება გაიარეს და ფუნქციონირების ნებართვა მიეცათ.

კვების ობიექტებისთვის ზოგადი რეკომენდაციები მოიცავს, წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებას და უნაღდო ანგარიშსწორებისთვის უპირატესობის მინიჭებას.

რეკომენდაციები ასევე მოიცავს მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლების გამოყენებას და დასუფთავების გამკაცრებულ ზომებს საერთო სივრცეებში (საპირფარეშოები, დერეფნები, დარბაზები, ლიფტები და ა. შ.). კერძოდ, დასუფთავებისთვის უნდა დაწესდეს პერიოდული 2-საათიანი რეჟიმი.

დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება.

ამასთან, ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1-მეტრიანი დისტანცია და ერთი ადამიანის განთავსებისთვის საჭირო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2,25მ2-ს.


| Print |
FaceBook Twitter Google