საზოგადოება
პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 20 ლარამდე შემცირდა
დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის ტარების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირები 50 ლარის ნაცვლად, 20 ლარით დაჯარიმდებიან. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე განმარტებით, ამ საკითხზე მმართველ გუნდში შეთანხმება მიღწეულია.

იგივე ოდენობის ჯარიმა განისაზღვრება საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ტაქსიში როგორც მძღოლის, ასევე მგზავრის მიერ ამ წესის დარღვევისთვის.

იურიდიული პირებისთვის კი, ჯარიმა იგივე რჩება.

„რაც შეეხება იურიდიული პირებს, თუკი ამ ვალდებულებას დაარღვევენ, რომ არ მოხდეს საჯარო თავშეყრის (დახურულ) ადგილებში მათ მიერ ფიზიკური პირების პირბადის გარეშე დაშვება, გათვალისწინებულია 500 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა.

რჩება ძალიან მნიშვნელოვანი სფეროები ასევე, როცა კარანტინის წესს უნდა დაემორჩილოს ვინც საზღვარგარეთიდან ჩამოდის, უნდა მოხდეს კარანტინის წესების სრული დაცვა, იურიდიული პირების მიერ უნდა მოხდეს ასევე შესაბამისი წესების დაცვა, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი საზოგადოების უსაფრთხოება. თუკი ეს არ იქნება დაცული, ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებულია 2000 ლარიანი ჯარიმა, ხოლო იურიდიული პირისთვის 10 000 ლარიანი ჯარიმა,“- განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, თუ ფიზიკური ან იურიდიული პირი განმეორებით განახორციელებს ამ მძიმე ტიპის დარღვევებს, დადგება მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაის საკითხი.
| Print |
FaceBook Twitter Google