საზოგადოება
20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა
20-21 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენებიიდან ერთი წელი გავიდა.ოფიციალური მონაცემებით, აქციის დროს 275 ადამიანი დაზარალდა, მათ შორის იყო 187 სამოქალაქო პირი.

ასევე 40-მდე ჟურნალისტი, 73 პოლიციის თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო, ქირურგიული ჩარევა 28 პირს დასჭირდა. ასევე დადასტურებულია, რომ რეზინის ტყვიით გამოწვეული ტრავმის შედეგად, ორმა დემონსტრანტმა დაკარგა ცალი თვალი.რამდენიმე დაზარალებულს მნიშვნელოვნად დაუზიანდა მხედველობა.

აქციას, 20 ივნისის დილას, წინ უსწრებდა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, თავმჯდომარის ტრიბუნასთან რუსეთის ფედერაციის დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც პარლამენტში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის სხდომის ფარგლებში იმყოფებოდა. რუსი დეპუტატის მიერ მაღალი ტრიბუნის დაკავებამ საზოგადოების დიდი პროტესტი და ანტისაოკუპაციო აქციის გამართვა განაპირობა. პარლამენტის წინ შეკრება-მანიფესტაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ნაწილმა პარლამენტის შენობაში შესვლა სცადა. აღნიშნულს სამართალდამცავებსა და პროტესტის მონაწილეთა ნაწილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც სპეციალური საშუალებების გამოყენებით, აქციის დაშლა დაიწყო.

სამართალდამცავებმა, მომიტინგეთა მიმართ, ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გარდა, არალეტარული ჭურვების სახით 12-კალიბრიანი და 38-მილიმეტრიანი 800-მდე რეზინის ტყვია ისროლეს.





| Print |
FaceBook Twitter Google