საზოგადოება
სამხარაულის ბიუროს მშენებარე ნაგებობა ილიას უნივერსიტეტს გადაეცემა
ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ქალაქ გურჯაანში კოსტავას ქუჩა #4-ში აღარ განთავსდება. აღნიშნული ტერიტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცემა. speqtri.ge-სთვის ამ საკითხის შესახებ ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში გახდა ცნობილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით სამხარაულის ცენტრალურ ოფისს მივმართეთ, საიდანაც შემდეგი შინაარსის პასუხი მივიღეთ:
„თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გაცნობებთ: ქალაქ გურჯაანში, კოსტავას ქუჩაზე, შენდებოდა ბიუროს კახეთის სამედიცინო ექსპერტიზის რაიონული განყოფილების ახალი შენობა, რომლის მშენებლობაც ამჟამად შეჩერებულია და ბიუროს კახეთის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილება მუშაობას განაგრძობს ძველ მისამართზე.
იმის გათვალისწინებით, რომ ყოველწლიურად ფართოვდება და ვითარდება ბიუროს მიერ გასაწევ მომსახურებათა სფერო და შესაბამისად იზრდება მოთხოვნა მომსახურებაზე, კახეთის რეგიონის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი სერვისის მიწოდების მიზნით, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ახლო მომავალში გეგმავს სამედიცინო ექსპერტიზის გარდა დამკვეთთათვის მიწოდებულ იქნას დამატებითი სერვისები (სასაქონლო, საინჟინრო ექსპერტიზა და სხვა).აღნიშნული საჭიროებს სხვა ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებს.ზემოთ აღნიშნული გარემოებების დარეგულირების მიზნით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები გურჯაანის მუნიციპალიტეტთან.“

დღეს კი საკრებულოს რიგგარეშე სესიაზე სწორედ მშენებარე ნაგებობის ილიას უნივერსიტეტისთვის გადაცემის საკითხი განიხილეს, სადაც „წიგნის სახლი ლიგამუსი“ მოეწყობა. რაც შეეხება სამხარაულის ბიუროს ის გურჯაანში ტაბიძის ქუჩა #4-ში (ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში) განთავსდება.

აღნიშნულ საკითხს დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

| Print |
FaceBook Twitter Google