საზოგადოება
კარლ ჰარცელი კახეთში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს გაეცნო
დღეს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, კახეთს სტუმრობდა. ვიზიტის მიზანი იყო ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების ადგილზე გაცნობა.
კარლ ჰარცელმა თავდაპირველად თელავში სმენისა და მეტყველების სახლი მოინახულა, რომელიც მეტყველების პრობლემების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს ემსახურება.
„სმენისა და მეტყველების სახლის“ ხელმძღვანელის, მაია ხუციშვილის ქალიშვილი სმენის პრობლემებით დაიბადა. მას არ ჰქონდა შესაბამისი სერვისების მიღების შესაძლებლობა და ამის გამო, მეტყველება მხოლოდ 6 წლიდან დაიწყო. საკუთარი ქალიშვილის ისტორიით შთაგონებულმა, გადაწყვიტა შეექმნა ცენტრი, რომელიც ანალოგიური პრობლემების მქონე სხვა ბავშვებს დაეხმარებოდა.

„ცენტრი ჩემი შვილის პრობლემებით შთაგონებულმა დავაარსე და გათვლილია 50 ბენეფიციარზე, მუშაობა 2018 წლიდან დავიწყეთ და არაერთ ბავშვს გავუწიეთ დახმარება, ამჟამად ცენტრში 41 მოსწავლეა სმენისა და მეტყველების პრობლემებით. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ევროკავშირს ამ შესაძლებლობისთვის. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ყველას, ვისაც ჩვენი სერვისი ესაჭიროება,“- ამბობს მაია ხუციშვილი.

ევროკავშირის “მერების შეთანხმების“ სადემონსტრაციო პროექტების ფარგლებში, ხორციელდება პროექტი „ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგიის გადაწყვეტილებები“, რომლის თანადამფინანსებელია თელავის მუნიციპალიტეტი.

პროექტი ითვალისწინებს ორი მუნიციპალური ბაგა-ბაღის (იყალთოს საბავშვო ბაღი და თელავის #1 საბავშვო ბაღი) სრულ თერმო-მოდერნიზაციასა და აღჭურვას თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით, განახლებადი ენერგიის გამოყენებით.

პროექტი ინოვაციურია, რადგან მის ფარგლებში დაინერგება სხვადასხვას ენერგოეფექტური ტექნოლოგიები და საბავშვო ბაღების გათბობა ბიომასით, კერძოდ კი ვენახის ნასხლავით (წალმით).
„ბედნიერი ვარ, რომ დღეს კახეთს ვსტუმრობ და ეს არის ძალიან სასიამოვნო ჩემთვის. კახეთი ჩვენი 4 სამიზნე რეგიონიდან ერთ-ერთია, რომელსაც ევროკავშირი სხვადასხვა მიმართულების განვითარებაში ეხმარება. რაც შეეხება ენერგოეფექტურობას, თქვენ ახლა ხედავთ ტრაქტორს, რომელიც შეაგროვებს წალამს და ამის მეშვეობით გაათბობს საბავშვო ბაღს, ეს არის მცირებიუჯეტიანი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. წალმის გამოყენებით, რომელიც ასე მრავლადაა კახეთში, უზრუნველყოფილი იქნება შენობების გათბობა. ეს ხელს შეუწყობს ენერგიის დაზოგვას და ხარჯების დაახლოებით 60 % ამ გზით დაიფარება. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პარლამეტმა მიიღო კანონი ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით. ჩვენ სტრუქტურულ დონეზე ვმუშაობთ მთავრობასთან ამ მიმართულებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების ჯანმრთელობისთვისაც. მინდა, ეს მშვენიერი ქვეყანა, კიდევ უფრო მშვენიერი გახდეს,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ორი დღის განმავლობაში დარჩება კახეთში. თელავის შემდეგ პროექტების მიმდინარეობას ის ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებშიც მოინახულებს.
| Print |
FaceBook Twitter Google