საზოგადოება
გურჯაანის მოსახლეობა ხილით დატვირთული ტრაილერების ქუჩიდან გაყვანას ითხოვს
გურჯაანში, ახტალისა და ჭანტურიას (ყოფილი ზუგდიდის) ქუჩების მოსახლეობამ გუშინ speqtri.ge-ს დახმარებისთვის მიმართა. ისინი ითხოვდნენ ატმითა და ვაშლატამით დატვირთული სატვირთო მანქანების გაყვანას, რომელიც დიდების მემორიალის წინ 24 საათის განმავლობაში ჩართული ძრავით იდგნენ.

ადგილობრივების უკმაყოფილებას იწვევდა ტრაილერის გამუდმებული ხმაური, რომელიც განსაკუთრებით გაუსაძლისი იყო ღამის საათებში. სატვირთოს მძღოლები გადასაზიდად გამზადებულ ხილს ადგილზე ყინავდნენ და ამისთვის 6-8 საათი სჭირდებოდათ; ხმაურის გარდა, აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლებს ისიც აწუხებდათ, რომ მიმდებარე ტერიტორია ტუალეტად იყო ქცეული.
საკითხის გასარკვევად გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში კომენტარი არ გააკეთეს. თუმცა, მანქანებს აღნიშნული ტერიტორია დაატოვებინეს და ჭანტურიას ქუჩის მიმართულებით მოძრაობის ამკრძალავი რკინის ბარიერებიც მოაწყეს.



როგორც აღმოჩნდა, სატვირთო მანქანებისთვის მერიამ ახალი ლოკაცია შეარჩია და გუშინვე ქოროღლიშვილის ქუჩაზე გადაიყვანა. ამით პრობლემა არ გადაჭრილა, რადგან ამ ფაქტმა იქ მცხოვრებლების უკმაყოფილება გამოიწვია.

„გუშინ პოლიციამ მოიყვანა ეს მანქანები და აქ დააბინავა. ამ ერთ დღეში უკვე ნევროზი დამემართა. ვეღარ გამიგია სახლში ვცხოვრობ თუ რკინიგზაზე? როგორი ასატანია, დილით 5 საათზე რომ დგები და დღის განმავლობაში ეს გუგუნი გესმის, ღამე მაინც ხომ უნდა მშვიდად დაიძინო, რომ მეორე დღეს ისევ 5 საათზე ადგე და მუშაობა შეძლო?! ამის გარდა, ჩვენს ქუჩაზე რამდენიმე ღვინის ქარხანაა, მოძრაობაც გადატვირთულია, ლამის წელიწადია გზაც გადათხრილია და ამდენი ტრაილერებით გზის დავიწროება ნამდვილად სახიფათოა. შიშით სახლის წინ ბავშვი ვეღარ გამიშვია სათამაშოდ.
ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, იქნებ ერთი დღე-ღამე თავისი სახლის წინ გააჩეროს ეს მანქანები, მერე ადვილად მიხვდება რა დღეშიც ვართ,“ - გვითხრა ნონა აკოფაშვილმა.

ამავე ქუჩის მცხოვრები ტარიელ ზაკალშვილი ამბობს, რომ თუკი სატვირთო მანქანები მცირე ხნით გაჩერდებოდნენ, ნებისმიერი მოსახლე გაგებით მოეკიდებოდა, თუმცა, მუდმივად ამ რეჟიმში ყოფნა შეუძლებელია.

„თავიდან ვიფიქრე, რომ ცოტა ხნით გაჩერდნენ, შეისვენებენ და წავლენ-მეთქი. დაღამდა და არსად წასვლას არ აპირებენ, სტრესი დამეწყო უკვე, ალბათ ფსიქოზში გადამეზრდება. ჯერ გაზგასამართი სადგურის ხმაურს ძლივს შევეჩვიეთ, ახლა უნდათ, რომ ამას მიგვაჩვიონ, შემდეგ ღვინის ქარხნები დაიწყებენ გუგუნს, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ადამიანები არ ვართ?! ტრასიდან მოშორებით იმიტომ დავსახლდით, რომ სიმშვიდე გვინდოდა და გამოდის, რომ ყველაზე სტრესული გარემო აქ შეგვექმნა.“

მოსახლეობას მიაჩნია, რომ ეს პრობლემა მარტივი მოსაგვარებელია, მერიამ სატვირთოები დაუსახლებელ ტერიტორიაზე უნდა გადაიყვანოს.

„ვიცით, რომ ეს მანქანები ზუგდიდის ქუჩიდან აქეთ წამოიყვანეს, მაგრამ ამით რა შეიცვალა, აქ რა ხალხი არ ცხოვრობს? პრობლემები ასე არ გვარდება. გამოსავალი ის არის, რომ დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადაიყვანონ. თუნდაც იმ ბაღებთანვე გაჩერდნენ, სადაც იტვირთებიან.“

დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა რამაზ ქიტიაშვილმა და აღნიშნა, რომ გუშინ სატვირთოების განთავსების ახალ ლოკაციად ქოროღლიშვილის ქუჩის ბოლოს, დაუსახლებელი ტერიტორია შეირჩა.

„ერთ კვირაზე მეტია ვმუშაობდით საკითხზე, რომ ჭანტურიას ქუჩიდან ეს მძღოლები სხვაგან გადაგვეყვანა. შეირჩა ქოროღლიშვილის ქუჩის ბოლოს, სტადიონის მიმდებარედ არსებული ტერიტორია, რომელიც თავისუფალია და შეიძლება განთავსდეს გადამზიდი სატვირთო ავტომობილები. იქიდან გამომდინარე, რომ მაინც თავისებური ხმაური აქვს მანქანებს და მოსახლეობა წუხდებოდა, შეირჩა დაუსახლებელი ტერიტორია, უბნის ბოლოა და არავის ხელი არ შეეშლება. თუმცა, ჩვენ ვნახეთ, რომ მანქანები ქოროღლიშვილის ქუჩაზე გაჩერდნენ. პატრულს ავუხსენით, რომ ეს ლოკაცია ჩვენს მიერ არ არის შერჩეული. ტრაილერებს ქვემოთ გადაიყვანენ. დღეს ეს საკითხი მოგვარდება. ჩვენ ვითვალისწინებთ როგორც ზუგდიდის ქუჩის, ისე ქოროღლიშვილის ქუჩის მოსახლეობის ინტერესებს.“

| Print |
FaceBook Twitter Google