საზოგადოება
არჩევნებში რეგისტრაციისთვის ცესკოს 68 პარტიამ მიმართა
2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ცესკო-ში რეგისტრაციისთვის მიმართვის ვადა, პარტიების ნაწილს დღეს ამოეწურა.

როგორც საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიაში (ცესკო) განმარტავენ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 197-ე მუხლის თანახმად, პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი, მათთვის მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე უნდა მიემართათ.

რეგისტრაციისთვის განაცხადი სულ 68 პარტიამ წარადგინა, რომელთაგან 53 განხილვაშია, 14-მა უკვე გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, ხოლო ერთმა მიიღო უარი.

„ამასთან შეგახსენებთ, რომ პარტიებს, რომლებსაც ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი, შესაძლებლობა ექნებათ პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, საარჩევნო რეგისტრაციისთვის მიმართონ ცესკოს, არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 197).

პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად ხორციელდება.“ - აცხადებენ ცესკოში.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები /