საზოგადოება
ვინ არიან კახეთში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატები
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, თემურ ბუწაშვილის განმარტებით, უკვე ცნობილია კახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.

„გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარულ ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდადი დიდი ალბათობით ლევან ბეჟაშვილი იქნება, ხოლო თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხში გიორგი ბოტკოველი იბრძოლებს. ლევან ბეჟაშვილს საკმარისზე მეტი ცოდნა და გამოცდილება აქვს. ვფიქრობ, ეს გამოცდილება მნიშვნელოვნად დაეხმარება ჩვენს რეგიონს განვითარებაში. რაც შეეხება გიორგი ბოტკოველს, ის საკმაოდ მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურაა და ჩვენი გუნდის წევრია. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება კახეთიდან დაიწყება. „ნაციონალური მოძრაობა“ არის გაერთიანებული ოპოზიციის ყველაზე მსხვილი სუბიექტი. ჩვენ არ ვაპირებთ ორპროცენტიანი პარტიებივით ზედაპირზე ვიტივტივოთ, ვაპირებთ შევცვალოთ ოლიგარქიული რეჟიმი, რომელმაც უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში ქვეყანა უფსკრულამდე მიიყვანა.“

თემურ ბუწაშვილის თქმით, პარტიის წარმომადგენლები წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში „კარდაკარის“ კამპანიას დაიწყებენ.
„მოსახლეობასთან შეხვედრები არც შეგვიწყვეტია. ყველა ოჯახში და სოფელში შევდივართ. ვისმენთ მათ პრობლემებს. მოკლე დროში დავიწყებთ კარდაკარ სიარულსაც.“



| Print |
FaceBook Twitter Google