საზოგადოება
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიურმა მუშაობამ ატმოსფერული პროცესები შეამსუბუქა
15 ივლისს კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად რეგიონში შემოსული მასშტაბური ატმოსფერული პროცესები მნიშვნელოვნად იქნა შემსუბუქებული.

რეგიონში ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან დღის მეორე ნახევარში შემოვიდა და ეტაპობრივად მოიცვა კახეთის რვავე რაიონი. 771 კმ2 საერთო ფართობის მქონე ღრუბლის მასებმა რეგიონში შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლების დიდი მასა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი და ადგილობრივად ჩამოყალიბებული შიდამასიური ტიპის ნალექის მასები. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 54 მმ-მდე მერყეობდა.

20:26 სთ-დან 01:38 სთ-მდე ღრუბლის მასები ახმეტის, ლაგოდეხის, თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, ყვარლის და დედოფლისყაროს რაიონებში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემით რამდენიმე ეტაპად დამუშავდა, გასროლილი იქნა 130 ერთეულამდე რაკეტა. აღსანიშნავია, რომ დამუშავების პროცესი დასახლებული პუნქტების არსებობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი შეზღუდვების პირობებში მიმდინარეობდა.
სარაკეტო დამუშავების შედეგად რეგიონში შემოსული ფრონტალური ატმოსფერული პროცესების არსებულ მასშტაბებში შეკავება და შიდამასიური ტიპის ადგილობრივად ჩამოყალიბებულ ღრუბლის მასებთან შეერთებით კიდევ უფრო გაძლიერების თავიდან აცილება მოხერხდა.

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ მონიტორინგი 24 საათიან რეჟიმში გრძელდება.




| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები დელტა / კახეთი /