საზოგადოება
ინფიცირებული აბიტურიენტი გამოცდას ბოქსირებულ პალატაში ჩააბარებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ სოფიო გორგოძის განცხადებით,აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ინგლისურის გამოცდას ბოქსირებულ პალატაში ჩააბარებს.


„განსაკუთრებული გამოწვევა გახლდათ საგამოცდო პროცესში კოვიდინფიცირებული აბიტურიენტის ჩართვა – განიხილებოდა რამდენიმე ვერსია და საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველაზე უსაფრთხო იქნებოდა გამოცდის სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარება. ეს გამოცდა ტარდება დღეს ბოქსირებულ პალატაში, რომელიც აღჭურვილია ისე, როგორც ყველა სხვა საგამოცდო სექტორი. გამოცდა წარიმართება ისე, როგორც ეს ხდება ჩვეულებრივ საგამოცდო ცენტრებში. განსხვავება არის მხოლოდ ის, რომ საგამოცდო სექტორად განისაზღვრა სწორედ ეს პალატა. როგორც გამოცდის დროს, ამ შემთხვევაშიც პროცესს დააკვირდება ორი მეთვალყურე, ცხადია, სპეციალური ეკიპირებით, რაზეც იზრუნებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. ჩვეულებრივ მოხდება ვიდეოჩაწერა, აბიტურიენტი სხვა აბიტურიენტების მსგავსად, იმავე დროსა და იმავე პრინციპით წერს იმავე ტესტს“, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ.

აბიტურიენტები, რომლებიც 7 ივლისს, ინფიცირებული გოგონას საგამოცდო სექტორში იმყოფებოდნენ, საკარანტინე სივრცეში არიან განთავსებულები და გამოცდებში შესაბამისი წესების დაცვით აგრძელებენ მონაწილეობის მიღებას.

| Print |
FaceBook Twitter Google