საზოგადოება
საგარეჯოში სტაბილური წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემის მშენებლობა იწყება
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, საგარეჯოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი დასრულების ეტაპზეა.

გამარჯვებული კომპანია უახლოეს პერიოდში გამოვლინდება და სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს. ახალი პროექტით გათვალისწინებულია ძველი მილების ახლით ჩანაცვლება, ახალი სატუმბო სადგურის მოწყობა, საქლორატორო შენობის რეაბილიტაცია და გამრიცხველიანება.

ამჟამად საგარეჯოში არსებული ქსელი ამორტიზებულია და წყლის წნევის რეგულირება ვერ ხერხდება. ასევე, დიდია დანაკარგები, რის გამოც, განსაკუთრებით წყალმცირობის დროს, ქალაქი სასმელი წყლის დეფიციტს განიცდის და მოსახლეობას წყალი შეზღუდულად მიეწოდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 8 თვეში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც ქალაქში მცხოვრებ 11 000-მდე ადამიანს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 2,939,902 ლარია.

ამ დროისთვის, წყალმომარაგების კომპანია კახეთის რეგიონში ოთხ პროექტს ახორციელებს. აქტიურად მიმდინარეობს თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მესამე ფაზის სამუშაოები. ასევე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფლების: ჭიაურის, ჰერეთისკარისა და თამარიანის წყალმომარაგებისთვის ჭაბურღილის მოწყობა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობა და ქალაქ ახმეტის წყალმომარაგების საქლორატოროს ტექნოლოგიის მოწყობა. პროექტების ჯამური ღირებულება 6,136,745 ლარია.

| Print |
FaceBook Twitter Google