საზოგადოება
წყლის პრობლემებით შეწუხებულ მოსახლეობას ჯონი ოსიაშვილი პასუხობს
უკვე რამდენიმე თვეა, გურჯაანში, ცხრა აპრილის, გაბაშვილის, მაჩაბლის და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას წყალთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. როგორც ისინი ჩვენთან საუბარში განმარტავენ, საღამოს წყალი წყდება, დილით კი მილებში ჰაერის დიდი ნაკადი მოდის, რის გამოც გაყვანილობა ზიანდება.

მაჩაბლის ქუჩაზე მცხოვრები ნათელა მაისურაძის თქმით, ონკანების გამოცვლა ორ კვირაში ერთხელ უწევთ.
„ჩვენი პრობლემა ის არის, რომ წყალს წყვეტენ და შემდეგ, როდესაც სისტემაში უშვებენ, ყველაფერს ანგრევს. რამდენიმე ადგილზე ძვირადღირებული ონკანი დავაყენეთ, მაგრამ ამ პრობლემის გამო, ორი კვირაც ვერ გაძლო. ლიანდაგების ზემოდან მსგავსი პრობლემა არ აქვს მოსახლებას, იქ წყალი 24 საათის განმავლობაში მოდის. ჩვენთან რა ხდება, მეცამეტე რაიონია? რატომ გვექცევიან ასე?! საერთოდ ნუ დაწყვეტავენ წყალს, მაინც ხომ ვიხდით გადასახადს!“

გაბაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ფატი ზავრაშვილი ამბობს, რომ მსგავსი პრობლემა აქვს მიმდებარედ არსებულ რამდენიმე ქუჩის მოსახლეობასაც.
„საღამოს წყდება წყალი, არ გვიკვირს, შეიძლება არ არის საკმარისი რაოდენობა, მაგრამ დილით ისეთი ჰაერით მოდის, საქმე ვერ გაგვიკეთებია. წყალს ვერ ვავსებთ, ჭურჭელს ხელიდან გვაგდებინებს. ფილტრიც კი მოსტყდა ონკანს. შუადღემდე ასეა. თუ არის საშუალება, რომ რამენაირად მოგვიგვარონ ეს პრობლემა, კარგი იქნება. წარმოიდგინეთ, გათბობის ქვაბის მილებს რომ დააზიანებს, რა დღეში უნდა ვიყოთ, ამას ხომ ყოველ კვირა ვერ გამოცვლი? 9 აპრილის ქუჩიდან დაწყებული ახლომახლო ქუჩის მცხოვრებლებს, ყველას ეს პრობლემა აქვს.“

კახეთის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელის, ჯონი ოსიაშვილის განცხადებით, მათთვის პრობლემის შესახებ ცნობილია და ამჟამად მის აღმოფხვრაზე მუშაობენ.
„ცხრა აპრილის ქუჩაზე მიგდებული აქვთ და ბოსტნებს რწყავენ, ამის გამო დებეტი არ გვყოფნის, რომ 24-საათიანი წყალმომარაგება გვქონდეს. სისტემის შევსების დროს მილში ჰაერი ყოველთვის წამოვა. უნდა დააცადონ 15-20 წუთი და ჰაერები თვითონ გაიდევნება. მალევე არ უნდა გახსნან და მერე აღარ წამოიღებს. ამჟამად 24-საათიან გრაფიკზე ვერ გადავდივართ იმიტომ, რომ მოხმარება კატასტროფულად არის გაზრდილი. ვცდილობთ გრაფიკი უფრო გავაუმჯობესოთ. “

მისივე თქმით, როგორც კი გრაფიკი გამოსწორდება, პრობლემაც აღარ იარსებებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ამ პრობლემაზე მოსახლეობა ადრეც ჩიოდა. ჯერ კიდევ 2017 წელს, საუბარი იყო იმის შესახებაც, რომ გამრიცხველიანებიდან უახლოეს პერიოდში ქალაქს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნებოდა.

| Print |
FaceBook Twitter Google