საზოგადოება
საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო
საერთო სამაგისტრო გამოცდები პირველ აგვისტოს დაიწყო და 4 აგვისტოს დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დეტალური ინფორმაცია ტესტირების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ მითითებულია საგამოცდო ბარათზე.


ყველა მონაწილე საგამოცდო ცენტრში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით უნდა გამოცხადდეს. დაგვიანებული გამოცდაზე აღარ დაიშვება.

„გამოსაცდელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით 2020 წლის გამოცდებზე დაცულია რეკომენდაციები, რომლებიც შეიმუშავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. წინა წლებისგან განსხვავებით 2020 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრირებულები მხოლოდ ერთი ტიპის ტესტს აბარებენ, რაც სრულად მოხსნის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მაგისტრობის კანდიდატები სპეციალობის გამოცდას უშუალოდ უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარებენ,“ - ნათქვამია განცხადებაში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 12 600-ზე მეტი მაგისტრობის კანდიდატია დარეგისტრირებული. წინა წლებისგან განსხვავებით, რეგისტრირებულები მხოლოდ ერთი ტიპის ტესტს აბარებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google