საზოგადოება
„ქართულმა ოცნებამ“ ირაკლი ქადაგიშვილი თელავში წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ დღეს თელავი, ყვარელი, ახმეტა, ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი კახეთის ყოფილი გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი ერეკლეს სასახლის გალავანში ამომრჩევლებს წარუდგინა.


წარდგენას ესწრებოდა ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და ,,ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები.
„დიდი პატივია ვიყო დღეს აქ ამ გალავანში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კახეთი უფრო განვითარდეს. ეს უნდა გავაკეთოთ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, რომელიც ამ კუთხის ღირსეული შვილია, რომელიც იქნება ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი და რომელიც დარმუნებულები ვართ, რომ გაიმარჯვებს . ეს ის ადამიანია, რომელმაც ზედმიწევნით იცის დღეს რეგიონის ყველა პრობლემა, რომელიც არჩევნებიდან მეორე დღეს დაიწყებს შრომას ამ კუთხის კიდევ უფრო განვითარებისთვის,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მას ჯერ კიდევ 4 წლის წინ, ჰქონდა შეთავაზება, რომ თბილისში გაეგრძელებინა პოლიტიკური საქმიანობა, ან წამოსულიყო კახეთში.
„მე ავირჩიე აქ წამოსვლა. ეს იყო გარკვეული გამოწვევა, ჩემი მშობლიური მხარისთვის მემსახურა და გამეკეთებინა ის, რაც ჩემს შესაძლებლობაში შედიოდა. დღეს, როდესაც დადგა ჩემი კანდიდატურა, ამას განვიხილავ როგორც განვლილი გზის გაგრძელებას. გზისა, რომელიც ემსახურება იმას, რომ თვითმმართველობა იყოს ძლიერი, აღჭურვილი იმ ინსტრუმენტებით, რომელიც მისცემს საშუალებას, უფრო ეფექტურად და სწრაფად მოემსახუროს თავის მოქალაქეებს და მათ ინტერესებს. რეგიონული მმართველობა იყოს ისეთი ძლიერი, რომელიც საშუალებას მისცემს უფრო მეტი ინვესტიცია, სოციალ-ეკონომიკური განვითარებისთვის სდაჭირო პროექტები განახორციელოს რეგიონში. მე დარწმუნებული ვარ, ეს სასახლე, ის მეფე, რომელიც აქ იყო მაგალითი მთელი საქართველოსი, თავმდაბლობისა, მსახურებისა, თავდაუზოგავი ღვაწლისა სამშობლოს წინაშე, რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანს გაგვაერთიანებს,“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google