საზოგადოება
ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება
0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლები სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ხვალიდან შეძლებენ.
რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე: www.moh.gov.ge და პორტალზე - daxmareba.moh.gov.ge. 


ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:

ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი;

მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი);

საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება.

იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთერთკავშირის დადასტურება, მშობელმა ელექტრონულ პორტალზე ბავშვის დაბადების მოწმობა უნდა ატვირთოს.

0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ. დახმარების მიღება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის სექტემბრიდან.

იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს:

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველბებს; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს; „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს.

ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.







| Print |
FaceBook Twitter Google