საზოგადოება
სკოლაში მოსწავლისთვის თმის შეკვრა სავალდებულო იქნება
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, რომლის მიხედვით, განსაზღვრულია არაერთი რეგულაცია სკოლისთვის, ასევე ვალდებულებები მოსწავლეებისა და მშობლებისთვის.


რეკომენდაციის მიხედვით მოსწავლე ვალდებულია: დაიცვას ჰიგიენის წესები; დაიცვას სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები; დაიმუშავოს ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა; დაიბანოს ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას; დახველებისა და დაცემინების დროს მიიფაროს სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი; მოერიდოს ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას; სწავლების პერიოდში უზრუნველყოს თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება; არ გამოიყენოს სხვისი ნივთები; ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართოს ექიმს.

მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებებია: ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გაუშვას მოსწავლე სკოლაში; ცხელების/რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გაიყვანოსმოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად; სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეატყობინოს კლასის დამრიგებელს; ცხელების ან სხვა რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენისას უზრუნველყოს ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად.

ასევე რეკომენდაციების მიხედვით:
სიცხის გადამოწმების შემდეგ 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში: ნებისმიერი პირი არ დაიშვება სკოლაში და ვალდებულია მიმართოს ოჯახის ექიმს;
ტემპერატურის შემთხვევაში მოსწავლეს უნდა მოარგონ პირბადე და განათავსონ წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში; სკოლა დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც ვალდებულია მოსწავლის სკოლიდან დროულად გაყვანაზე;
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია დაუკავშიდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად, გადამისამართების მიზნით;
მშობლებთან ან სხვა გარეშე პირებთან კომუნიკაციის დროს სკოლამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს დისტანციურ შეხვედრებს;
საგაკვეთილო პროცესის დროს მასწავლებელი ვალდებულია ეკეთოს პირბადე იმ შემთხვევაში, თუ მაგიდები განლაგებულია იმგვარად, რომ მასსა და მოსწავლეებს შორის შეუძლებელია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა;
სკოლაში მოსწავლის, მასწავლებლის, თანამშრომლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ადმინისტრაცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია, დაადგინოს და წერილობით დააფიქსიროს გაცდენის მიზეზი;
მოსწავლის/თანამშრომლის COVID 19-ით ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, მათ შორის კონტაქტების მოძიებისა და კარანტინის/თვითიზოლაციის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება ხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების რეკომენდაციების შესაბამისად.


| Print |
FaceBook Twitter Google