საზოგადოება
პენსიების გაცემის წესი იცვლება
საქართველოს მთავრობისა და „ლიბერთი ბანკის“ ერთობლივი ინიციატივით, პირველი სექტემბრიდან პენსიის გაცემის წესი იცვლება.

ცვლილების თანახმად, საპენსიო თანხები პენსიის მიმღები პირების ანგარიშებზე წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით ჩაირიცხება, ყოველი თვის 1-ლიდან 14 რიცხვამდე, ერთ კონკრეტულ თარიღში და მომავალშიც ამ თარიღში გააგრძელებენ პენსიის მიღებას. „ლიბერთი ბანკის“ ინფორმაციით, ამ ინიციატივის მთავარი მიზანია გადანაწილდეს ასაკოვანი მოქალაქეების ნაკადი პენსიის ჩარიცხვის თარიღებში, იმისათვის, რომ მათ მიიღონ საბანკო მომსახურება კიდევ უფრო კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში. მათივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეების დაცვა პანდემიის პერიოდში ვირუსით დაინფიცირების მომატებული საფრთხეებისგან.

უწყების ინფორმაციით, ნებისმიერ მოქალაქეს პენსია ჩაერიცხება საკუთარ ანგარიშზე ყოველ თვეს ერთსა და იმავე თარიღში. ინდივიდუალური თარიღის გაგება შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე www.myliberty.ge, ლიბერთის ნებისმიერ ბანკომატსა და სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით, ცხელ ხაზზე 032 255 55 00 ან ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრში.

რაც შეეხება რეგიონებსა და სოფლებს, სადაც არ არის ლიბერთის სერვის ცენტრები, ყოველი თვის 14 რიცხვიდან მოქალაქეებს მოემსახურება ლიბერთი ექსპრესის მობილური ბანკი და შესაბამისი გრაფიკები ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივ თვითმმართველობებსა და გამგეობებში.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ლიბერთი / პენსია /