საზოგადოება
ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის დაფინანსება დღეიდან გაიზარდა
დღეიდან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) წლიურად ასანაზღაურებელი თანხა 8000 ლარით გაიზარდა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, საბაზისო, მიზნობრივი (სოციალურად დაუცველი ოჯახები 70 000 ქულამდე, პედაგოგები, სახალხო არტისტები, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, თავშესაფრების ბენეფიციარები და ა.შ) და ვეტერანის პაკეტის მოსარგებლეებს ნაცვლად 12 000 ლარისა, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ 20 000 ლარის ღირებულების სერვისი. ასაკობრივი (0-5 წლის ბავშვები, ასაკით პენსიონერები, შშმ ბავშვები, მკვეთრად შშმ პირები, სტუდენტები) პაკეტის მოსარგებლეებისთვის ნაცვლად 15 000 ლარისა, პროგრამით განსაზღვრული თანხა გახდა 23 000 ლარი.

ქიმიო, ჰორმონო და სხივურ თერაპიას ემატება სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სამი ჯგუფი: მონოკლონალურ ანტისხეულები, პროტეინ-კინაზას ინჰიბიტორები და ბისფოსფონატები. მედიკამენტების ნუსხა დამტკიცდება მინისტრის ბრძანებით. ეს მედიკამენტები დღემდე სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული არ ყოფილა. ანაზღაურებული თანხის გაზრდასთან ერთად, სახელმწიფო დაფარავს პაციენტის თანაგადახდის წილს, ამდენად პაციენტისთვის ონკოლოგიური დაავადების ქიმიო, ჰორმონი და სხივური თერაპია, ასევე სიმსივნის საწინააღდგემო მედიკამენტები იქნება სრულიად უფასო.

| Print |
FaceBook Twitter Google