საზოგადოება
საბავშვო ბაღებში ზეიმის ჩატარება იკრძალება
ბაღებში უნდა აკრძალოს ისეთი გასართობი ღონისძიებების გამართვა, რომელიც ბავშვთა დიდი ოდენობით თავშეყრას ითვალისწინებს-  ამის შესახებ წერია იმ რეკომენდაციებში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ბაგა-ბაღებისთვის შეიმუშავა.

რეკომენდაციაში მითითებულია აგრეთვე ის, რომ აღმზრდელებმა ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისთვის საჭირო უნარჩვევების განვითარება-ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის უნდა დანერგონ იმგვარი თამაშები, როგორიცაა :
• შეჯიბრი ხელების დაბანაში;
• მეგობრებთან შეხვედრის, მისალმების და ურთიერთობის ახალი უნარების სწავლა;
• სახალისო თამაშები სახეზე ხელის შეხებისგან თავშეკავებაზე;
• როგორ უნდა დავაცემინოთ და დავახველოთ ისე, რომ სხვა არ დავაზიანოთ;
• უკონტაქტო მისალმების ხერხები, როგორიც არის მაგალითად, მისალმება ჟესტებით, მშვიდობის ნიშნის ჩვენება, ხელის დაქნევა, თვალის ჩაკვრა და ა.შ.;

რეკომენდაციების მიხედვით განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ გარემოებებს:
• ბავშვებმა საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ, საპირფარეშოში შესვლისა და გამოსვლის შემდეგ საფუძვლიანად დაიბანონ ხელები წყლითა და საპნით და კარგად გაიმშრალონ ერთჯერადი ხელის გასამშრალებელი საშუალებებით;
• ბავშვებს დაეხმარეთ/ასწავლეთ/გამოუმუშავეთ ჩვევა, რომ დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარონ სახეზე სუფთა ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი. ქცევების დემონსტრირებისთვის გამოიყენეთ სათამაშოები/თოჯინები;
• თუ რომელიმე ბავშვი თავს შეუძლოდ იგრძნობს (მაგ. ექნება მუცლის ტკივილი, დაუფიქსირდება ტემპერატურის მატება) დაუყოვნებლივ უზრუნველყავით მისი გადაყვანა საიზოლაციო ოთახში.
აღმზრდელებს წინასწარ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ალერგიულია თუ არა ბავშვი რომელიმე ნივთირებაზე, რასაც სადეზინფექციო საშუალებები შეიცავს, ასევე ეს საშუალებები არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ბავშვებისთვის. ბავშვებისთვის ამა თუ იმ ნივთიერების მოხმარების წესები ახსნილ უნდა იყოს მათთვის გასაგებ ენაზე და ამ ტიპის ნივთიერებების (მათ შორის ხელის სადეზინფექციო სითხე) გამოყენება უნდა ხდებოდეს სათანადო ზედამხედველობის ქვეშ.

შეგახსენებთ, რომ ბაღებში სააღმზრდელო პროცესი პირველი ოქტომბრიდან განახლდება.

| Print |
FaceBook Twitter Google