საზოგადოება
ნონეშვილის #10 კორპუსის მცხოვრებლები ეზოს მოასფალტებას ითხოვენ
ქალაქ გურჯაანში ნონეშვილის გამზირზე, #10 კორპუსის მცხოვრებლები ეზოს მოასფალტებას ითხოვენ. როგორც მათ ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, პირველი განცხადება ამის თაობაზე მერიაში ორი წლის წინ შეიტანეს.

„მას შემდეგ ველოდებით, როდის იქნება რეაგირება. რამდენჯერ დაგვპირდნენ, მაგრამ არაფერი შეიცვალა. მეზობლად პოლიციის ახალი შენობა კეთდება, ხალხი ძირითადად, ჩვენს ეზოზე დადის და როდემდე უნდა იყოს ასე მოუწესრიგებელი. ანტისანიტარიაა, ყველაფერი აქ ყრია, დაბლა ვეღარ ჩამოვსულვართ. რა გავაკეთოთ, აღარ ვიცით. ზოგან ორჯერ გადააგეს ასფალტი და აქ ერთხელ ვერ დაუსხიათ. ივნისში მივაკითხეთ და გვითხრეს დღე- დღეზე მოვალთ და გავაკეთებთო, მაგრამ ჩვენამდე არავინ მოსულა.“

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, ეზოს მოასფალტებისთვის თანხა სავარაუდოდ, მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.
„ფინანსურად უკვე ვეღარ ვწვდებით, ეზოების გარკვეული ნაწილი უკვე მოასფალტდა. რამდენიმე კიდევ დარჩენილია, მაგრამ ყველაფერს ერთიანად ვერ გავაკეთებთ. რაც შეეხება ამ კონკრეტული კორპუსის ეზოს, პროექტი უკვე შედგენილია და 2020-21 წლის სამოქმედო გეგმაში ჩაჯდება.“

მისივე თქმით, წელს ეზოების მოასფალტებისთვის 916 ათასი ლარი დაიხარჯა.


| Print |
FaceBook Twitter Google