საზოგადოება
დედოფლისწყაროში რიგით 83-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
დღეს დედოფლისწყაროში საქართველოს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რიგით 83-ე საზოგადოებრივი ცენტრი საზეიმოდ გახსნა.

დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ცენტრი კახეთის რეგიონში რიგით მეცამეტეა. ცენტრები ასვე ფუნქციონირებს შაშიანში, ყვარელწყალში, ნუკრიანში, შილდაში, კაბალში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, სანიორეში, წნორში, კაჭრეთში, ახალსოფელსა და უდაბნოში. ცენტრი დედოფლისწყაროსა და მიმდებარე სოფლების – ზემო და ქვემო ქედის, ფიროსმანის, საბათლოს, სამთაწყაროს, ხორნაბუჯის, სამრეკლოს, ოზაანის, არბოშიკის, ზემო მაჩხაანის, მირზაანის, გამარჯვებისა და სხვათა – 28 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა დედოფლისწყაროში შირაქის ქუჩაზე სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. შენობას აქვს შშმ პირებისთვის განკუთვნილი პანდუსი. საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში სწრაფად, ადგილიდან გაუსვლელად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა თუ საარქივო მომსახურება და სხვა. ცენტრში გახსნის დღიდანვე ხელმისაწვდომია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სერვისები.

საზეიმო ღონისძიების მონაწილეთა სადღესასწაულო განწყობაზე გასართობი შოუპროგრამით ანიმატორებმა იზრუნეს. ჩატარდა სახალისო ვიქტორინა საზოგადოებრივი ცენტრის საქმიანობის შესახებ, ცენტრის გახსნის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი, კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი სოსო გიორგაძე, პარლამენტარი დავით სონღულაშვილი და მოწვეული სტუმრები.

| Print |
FaceBook Twitter Google