საზოგადოება
კახეთში 24 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 სექტემბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 24 ათას ტონაზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

აქედან: 16 ათასი ტონა რქაწითელი, 5 ათასი ტონა საფერავი, 1,1 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 220 კომპანია. ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი 4 ათასი ტონის ფარგლებშია. 

მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარი.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / რთველი /