საზოგადოება
ინფორმირებული ამომრჩეველი უსაფრთხო და დემოკრატიული არჩევნებისთვის [Video/Photo]
15 და 16 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, იორმუღანლოს თემში, რადიო ივრისის ოფისში ჩატარა ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი ამომრჩევლების ინფორმირებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

სემინარზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა: საკანონმდებლო სიახლეები, პანდემიის პირობებში ხმის მიცემის პროცედურები, ხმის მიცემის ფარულობა და სხვა.  ტრენინგს უძღვებოდა კვალიფიციური ტრენერი ნინო იოსელიანი. მისი თქმით, ლექციების ციკლი მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს.
„ტრენინგს ესწრებოდნენ ახალგაზრდები, რომლებიც პირველად მივლენ საარჩევნო უბანზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდნენ საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ყველა უფლება. გავაცანით ცვლილებები, რომლებიც შევიდა ქალებთან მიმართებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე თუ როგორ უნდა მოიქცნენ არჩევნების დღეს კოვიდის პირობებში და ა.შ. რაც მთავარია, მათ გაითავისეს ის, რომ გადავდივართ მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე. შევეხეთ არა მარტო საქართველოს, არამედ დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილებასაც. ვფიქრობ, საერთო ჯამში მიზანს მივაღწიეთ, გარკვეულ დონეზე შევძელით და ავამაღლეთ ამ ახალგაზრდების საარჩევნო განათლება. “

ტრენინგით კმაყოფილია აისუნ ნაბიევა, როგორც მან აღნიშნა, ამ ორი დღის განმავლობაში ბევრი რამ ისწავლა და მეგობრებიც შეიძინა.
„კარგი დრო გავატარე, შევიძინე ახალი მეგობრები. არჩევნების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე, ის რაც დღემდე არ ვიცოდი. მიღებულ ცოდნას, აუცილებლად გამოვიყენებ. გავიგე ისიც, რომ ქალების რაოდენობა არჩევნებში ძალიან ნაკლებია, თუმცა წლების განმავლობაში იზრდება.“

აბასა ალაზოვის თქმით, ტრენინგების ორმა დღემ მისთვის საინტერესოდ ჩაიარა.
„ამ ორმა დღემ ჩემთვის ლამაზად და ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. არ მქონდა საკმარისი ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ხშირად უნდა ჩატარდეს ასეთი ტრენინგები, რადგან არც სხვებს აქვთ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაცია.“

შეგახსენებთ, რომ ტრენინგები ჩატარდა პროექტის „ინფორმირებული ამომრჩეველი უსაფრთხო და დემოკრატიული არჩევნებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ჟურნალისტთა ასოციაცია „მეცენატი“ ცესკო-ს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.

















































| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები 2020 /