საზოგადოება
მივიწყებული და თანამედროვე საახალწლო ტრადიციები საქართველოში
ძალიან პოპულარული გახდა უცხო ქვეყნების საახალწლო ტრადიციები, რომელიც ჩვენს ქვეყანაშიც ნელ-ნელა დამკვიდრდა. ამ დროს ცოტამ თუ იცის, როგორ ხვდებოდნენ ძველად ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და რომელი ტრადიციებია დღემდე შემორჩენილი.

საახალწლო რიტუალები თითოეულ რეგიონში განსხვავებულია, თუმცა არის რამდენიმე დეტალი, რომელიც ქვეყნის ყველა კუთხისთვის დამახასიათებელია. მაგალითად, თოვლის პაპა და მეკვლე.
მეკვლის ტრადიაცია საუკუნეებს უძლებს და თანამედროვე ეპოქაშიც ძალიან პოპულარულია.

აჭარა
ახალი წლის ღამეს მთელი ოჯახი სუფრასთან იკრიბება. ოჯახის უფროსის ნებართვით, ყველას უმცროსი ვაჟი ულოცავს ახალ წელს. დიასახლისი ირგვლივ უმძრახ წყალს (დილით, ხმის ამოუღებლად იღებენ წყალს ჭურჭელში) მოაპკურებს, შემდეგ კი გახსნის წინასწარ მომზადებულ ყაურმას. სუფრაზე აწყობენ აჭარულ ხაჭაპურებს, ჰალვას, ხარჩოს, ბურმეს - თაფლიან და ნიგვზიან ნამცხვარს, სანთლის არაყს. ქალებს აუცილებლად უნდა ეცვათ წითელი კაბა და გულზე ეკიდოთ ბებიის ნაჩუქარი ჯვარი. დაილოცებიან აჭარლები და ისვრიან თოფს, ნიშნად იმისა, რომ ოჯახი ხარობს და სიცოცხლე გრძელდება.

გურია
გურიაში, შობა-ახალ წელს კალანდას უწოდებენ. ახალ წელს აუცილებლად იკვლება ღორი, ცხვება გურული ხაჭაპური ყველითა და კვერცხით, ნაზუქები, მზადდება კუპატი, საცივი. კალანდას მთავარი ატრიბუტი ჩიჩილაკი, რომელიც თხილისგან მზადდება და აუცილებლად უნდა მოირთოს. ახალი წლის დადგომისთანავე ოჯახის უფროსი ჯერ მარანსა და საბძელს მოინახულებს, შემდეგ შევა სახლში წითელი ღვინით და დალოცავს ქვეყანასა და ოჯახს. ახალი წლის ღამეს გურიაში მეალილოეები დადიან და მღერიან, აგროვებენ ტკბილეულს, ფულსა და ხილს.
მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგება. მამაკაცები ღორის თავს, ბასილას, საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და მარნისკენ გაეშურებიან.
მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი ხმაამოუღებლად საახალწლო გობს მიწაზე დადგამს, ჩაფს ღვინით გაავსებს და დაჩოქილი წმინდა ბასილას ოჯახის ბედნიერებას შესთხოვს.

სამეგრელო
ახალ წელს კალანდას უწოდებენ სამეგრელოშიც და თოფების სროლით ეგებებიან. ახალი წლის დილას ოჯახის უფროსი სახლიდან გარეთ გადის, ხელში მორთული ჩიჩილაკი უჭირავს და გარკვეულ რიტუალს ატარებს, რის შემდეგაც სახლში შემოდის, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებს და საახალწლო ტაბლას მიუჯდება, რომელზეც ღორის თავი, ხაჭაპურები, ხილი და სხვა სანოვაგე ალაგია. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით „დააბერებს“.
სამეგრელოში თხილისგან გამოთლილ ჩიჩილაკს ბამბითა და სათამაშოებით რთავენ, მის სიახლოვეს კი აუცილებლად ალაგებენ ხილს და ტკბილეულს, მოხარშულ გოგრას, ხაჭაპურს, ფელამუშს და ღვინოს. აქ მეკვლეს დიდი სიფრთხილით წინასწარ ირჩევენ და ოჯახიც საგულდაგულოდ ემზადება მის დასახვედრად.

სამცხე-ჯავახეთი
აქ უმძრახ წყალს დიასახლისი ეზოში და ნალიაში ასხურებს; საახალწლო სუფრაზე, გარდა ტკბილეულისა, აწყვია კარაქი, ხავიწიანი კვერები, კარტოფილის ხინკალი და ღვინო. ოჯახის თითოეული წევრის სახელზე ცხვება საბედო, ბანის, სამეკვლეო და ხარის ქედის კვერები, რომლებსაც ოჯახის უფროსი ყრის ერდოდან და თან ლოცვასაც აყოლებს.

სვანეთი
მნიშვნელოვანია მეკვლეობის ტრადიცია. ახალწლის ღამეს სვანები სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში (წნელისა და ტკეჩისაგან მოწნული უყურო, მოგრძო ჭურჭელი) ჩაალაგებენ და სახლის გასავალ კარებზე ჩამოკიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს. მეკვლე კარებზე დააკაკუნებს შემდეგი სიტყვებით: „ყორ მუკიარ, ყორ მუკიარ (კარი გააღეთ) ღერ თემიში იხელწიფი ჟორ ამღვე, ყორ მუკიარ (ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს, კარი გამიღეთ).“ სახლში შესვლისას კერას სამჯერ შემოუვლის, დიდ ჯვარიან პურზე დააწყობს ტკბილეულს და ხურდა ფულებს, უფროს-უმცროსობით ყველას დაუვლის და დღესასწაულს ულოცავს. სვანეთში ახალი წლის ღამეს ძალიან ერიდებიან სტუმრად წასვლას.
სვანურ საშობაო სუფრაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ხორცეულს. აქ შობას საკლავის გარეშე არ აღნიშნავენ. იკვლება ხბო, ხარი, უმეტესად კი ღორი. სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს კუბდარი, ხაჭაპური, ფხლოვანი, ფეტვრა. ტრადიციულად ხარშავენ ხბოს ან დეკეულის ბეჭს, ამზადებენ ღორის კუპატებსა და ზისხორას, რომელიც წარმოადგენს უძველეს სვანურ კერძს.

ქართლი
ქართლში თავდაპირველად აცხობენ ბასილას, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერს და თითოს შინაური ცხოველებისთვის. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხონჩაზე ღორის თავს დადებს, ირგვლივ ბედის კვერებს შემოუწყობს და ზედვე ბასილას დაასვენებს. ხონჩის ერთ გვერდზე "დასაბერებლად" თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს ჯამით მოათავსებს და ანთებულ სანთლებს მიაკრავს. ამ საახალწლო ხონჩას ქართლში „ბრამიანს" უწოდებენ.

კახეთი
კახეთში ახალი წლისთვის ჩამიჩიან პურებს, იგივე ნაზუქებს აცხობენ. ოჯახის ყოველ წევრს თითო ჩამიჩიანი პური უნდა შეხვდეს. ახალი წლის ღამეს ყველა თავის ჩამიჩიან პურს ტეხავს. ახალი წლის ღამეს ჩურჩხელებს, ჩირს, ღორის თავს ჩამიჩიან პურებთან ერთად ხახალაზე აწყობენ და თან არაყსა და ღვინოსაც მიუდგამენ გვერდით. გამთენიისას ოჯახის უფროსი გარეთ გადის და სახლს სამჯერ შემოუვლის. შინ შემობრუნებისას კი ოჯახის წევრებს ახალ წელს ულოცავს და საგანგებოდ მომზადებული ჯამიდან ყველას თითო ლუკმა უნაწილებს.
მნიშვნელოვანია მეკვლის ტრადიცია, რომელსაც სახლში შემოსვლისას, ხორბალს ან სიმინდს თავზე დააყრიან— ბევრი მაძღარი კრუხ-წიწილა გვეყოლებაო.
წინათ მესტვირული საახალწლო სიმღერაც ისმოდა ხოლმე:
„ხელში ორ ჭიქას ავიღებ, ვილოცებოდე ღვინითა,
ყველა კარგად დაესწარით მრავალ ახალ წელს დილითა,
ნათლიმამა თან მოგდევდეს, თაფლი მოქონდეს ქილითა;
ხურჯინიც სავსე ეკიდოს, ჩურჩხელებით და ხილითა…
თქვენი კოდები ყოფილა სავსე და — წმინდა ფქვილითა;
თქვენი ქვევრები ყოფილა სავსე და — წითელ ღვინითა;
თქვენი ფარეხი ყოფილა სავსე და — ცხვრითა, ბინითა…
თქვენი მტერი წაქცეულა, ვეღარა ძღება ძილითა…!“


რაჭა
ახალ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ რაჭაში. საახალწლოდ აქ ორ ბაჭულს აცხობენ, ერთს ახალი წლისთვის, მეორეს კი ძველი წლისთვის. დიასახლისები აუცილებლად აცხობენ ადამიანის სახის „კაც-ბასილას“ და ერთ დიდ პურს „კერია-ბერია“-ს, რომელსაც სხვადასხვა სახეებით აჭრელებენ. ამ ნამცხვრებს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებს და ბეღელში შეინახავს. მამლის პირველი ყივილისას „მაკვრიელი“ ანუ მეკვლე, ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გავა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს მოტეხავს, ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა. შემდეგ შინ შემოვა ლოცვით „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი. დიამც მამივა ახალი წელი: შეძენის და მოგების, მშვიდობის და კარგად ყოფნის, ვაჟიანობის, ღვინიანობის, პურიანობის“, შემდეგ წყლის მოსატანად წავა. მის დაბრუნებამდე ყველა დგება. მეკვლე ყველას ხელპირს დააბანინებს. საუზმის დროს კი ოჯახის ყველა წევრს „კერია-ბერია“-ს უნაწილებენ.
საოცარი სიტყვებით ლოცავს მეკვლე ოჯახს: „გფარავდეთ მრავალძალის წმინდა გიორგი! შეგეწიოთ ყოვლადწმინდა ხოტევი და ნიკორწმინდა! აგარა და უღეში, ღმერთმა მოგცეთ ნუგეში“. თუ ოჯახი მეკვლეს კარგად დასცდის, მას კიდევ სამი წლით აირჩევს. ამ სამი წლის განმავლობაში მეკვლე ოჯახს პირველი მიულოცავს ახალი წლის დადგომას ღვინის დოქით, მოხარშული ლორით, შემწვარი წიწილით, ვაშლში ჩამაგრებული ხურდა ფულით, ჩიჩილაკითა და სანთლით ხელში. დალოცავს ოჯახს, საბძელს, ნალიას, მერე კი იწყება ლხინი. რაჭულ საახალწლო სუფრას ამშვენებს ლობიანები, ღვინო, ლორი, თაფლი, კაკალი, ტყლაპი, ჩირი და ვაშლი.

ფშავი და ხევსურეთი
ხევსურები ახალ წელს „წელწადს“ უწოდებენ და მას დიდი სამზადისით ეგებებიან. ოჯახებში საახალწლო არაყს ხდიან, ხატში დასტურები (ხატის მზარეული) ლუდს ხარშავენ. დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობს. ყველაზე დიდი სამეკვლეო კვერია, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, კაცი, სახნისი, ხარი, ძროხა, ცხენი, ქერის თავთავი და სხვა. სამეკვლეო კვერს გამოცხობის დროს უცქერიან და, რომელი გამოსახულებაც აიწევს, იმ წელიწადს ის იქნება მრავალი და დოვლათიანი. შემდეგ დიასახლისი ოჯახის ყველა წევრისათვის აცხობს ბედის კვერებს, თითოეულს თავისი ნიშანი აზის და გამოცხობის დროს, ვისიც აფუვდება, ის ბედიანი და ყისმათიანი იქნება. ახალ წელს მამაკაცები ხატში იკრიბებიან და აქ ხატის დარბაზში დროს სმასა და მოლხენაში ატარებენ.
აქ საუკუნეების მანძილზე არსებობდა ერთი საინტერესო ტრადიცია: ახალი წლის ღამეს ხევისბერები და დასტურები სალოცავში წაიღებდნენ ქადებს, ერბოიან პურებს და სანთლებს, თან წაიყვანდნენ სოფლის ყმაწვილებს და წინ წაიმძღვარებდნენ საკლავს. ქვით გადახურულ ხატში ისინი ლოცვაში ათენებდნენ. ახალი წლის დამდეგს ხევისბერი დალოცავდა მლოცველთ, კუთხეს, გვარსა და ოჯახებს, გარიჟრაჟზე კი გამოვიდოდა ჯვარიდან და იკვლებოდა ცხვარი, რომლის სისხლში ამოვლებული თოვლის გუნდებსაც ეშმაკისა და ბოროტის განსადევნად ხატიონის კედელს ესროდნენ. შემდგომ ყმაწვილები ქუდებს იხდიდნენ და ერთად აწყობდნენ ნაბდის ქვეშ. ერთ-ერთი მათგანი ბრმად იღებდა ქუდს და სწორედ მის პატრონს ერგებოდა წილად მთელი სოფლის მეკვლეობის პატივი. დალოცვის შემდეგ სოფელში იწყებოდა დღესასწაული, იხარშებოდა ლუდი, ხინკალი და ისმებოდა ჟიპიტაური. საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტები იყო პური, ერბო, ხორცი, დამწნილებული სატაცური და ტკბილი ქადები.



| Print |
FaceBook Twitter Google