საზოგადოება
ანაზღაურებს თუ არა სახელმწიფო კოვიდთან დაკავშირებული სინდრომის მკურნალობის თანხას
კორონავირუსს უკავშირებენ მულტიორგანული ანთების სინდრომს (MIC), რომელიც საქართველოში 60-მდე ბავშვს აღმოაჩნდა. დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. სინდრომის დროს აღინიშნება სხვადასხვა ორგანოს დაავადება, მათ შორის: გულის და ფილტვის, ასევე გამონაყარი კანზე და სხვ.

8 დღის წინ, სწორედ ამ  დაავადების სიმპტომებით 5 წლის ბავშვი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემიდან თბილისის ნიუჰოსპიტალსის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც მოზარდის მამა, კარახან იბრაგიმოვი speqtri.ge-სთან საუბარში ამბობს, მის შვილს ჯერ მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, შემდეგ კი - გამონაყარი მთელ სხეულზე.

„ბავშვს სიცხე ჰქონდა 40 გრადუსამდე, ანალგინ-დიმედროლი მივეცით, მაგრამ არ უშველა, მეორე დღეს მთელ ტანზე ჰქონდა გამონაყარი. ჩვენ გვეგონა, რომ ეს არის წითელა. 2 დღე ველოდეთ. ბავშვი ძალიან ცუდად გახდა: დაუსივდა მუცელი, ჩაუშავდა თვალები და იორმუღანლოს ამბულატორიაში მივიყვანეთ. იქიდან გაგვაგზავნეს საგარეჯოში, რომ გამოკვლევები ჩაგვეტარებინა. მუცელზე, სადაც კი ხელი დაადეს, ყველგან სტკიოდა, გვითხრეს, რომ შეიძლება ოპერაცია დასჭირდესო და თბილისში გაგვაგზავნეს. ნიუჰოსპიტალში გადავიყვანეთ და აქაც გვითხრეს, საოპერაციოაო. ბავშვს ანალიზები აუღეს და დილამდე მოიცადეს. დილით გვითხრეს, რომ ეს არის კოვიდ 19, ახალი შემოსული დაავადებაო.“

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო კოვიდთან და მასთან დაკავშირებულ სინდრომებთან ასოცირებულ ხარჯებს აფინანსებს, იბრაგიმოვების ოჯახმა მკურნალობისთვის საჭირო პრეპარატი იმუნოგლობულინი 4 743 ლარად შეიძინა.
„მითხრეს, ამას სასწრაფოდ ნემსი უნდა გაუკეთდეს, რაც ძალიან ძვირი ღირს და ჩვენს საავადმყოფოს არ ეხება, თქვენ უნდა იყიდოთო. რაღა არ ვიღონეთ და რაღაც საშუალება გამოვნახეთ, 4 743 ლარი მივეცი 9 ცალში, რაც თავად ექიმებმა იშოვეს. წონის მიხედვით 16 ცალი სჭირდებოდა ბავშვს, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა. 6 საათის განმავლობაში გაკეთდა ეს 9 ცალი და ბავშვი გამოკეთდა,“ - ამბობს კარახან იბრაგიმოვი.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან, განაცხადა, ამ მედიკამენტების მოძიება საავადმყოფოს პასუხისმგებლობაა, თანხა კი სახელმწიფომ უნდა აანაზღაუროს.

„შემთხვევების დიდი ნაწილისთვის საკმარისია სტანდარტული მკურნალობა, მათ შორის, სტეროიდებით. საჭიროა რიგ შემთხვევაში იმუნოგლობულინი. პრეპარატი იმ კლინიკებს აქვს, რომელიც მანამდე ამ მედიკამენტს სხვა მიზნებისთვის იყენებდა. მე მქონდა საუბარი იაშვილის კლინიკასთან და მათ, მედიკამენტთან დაკავშირებით დეფიციტი არ აქვთ.

რაც შეეხება დაფინანსებას, სახელმწიფო კოვიდთან და მასთან დაკავშირებულ სინდრომებთან ასოცირებულ ხარჯებს აფინანსებს ფაქტიური ანაზღაურებით. ეს მედიკამენტი აფთიაქში არც უნდა ვეძიოთ, ეს არის საავადმყოფოს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს შესაბამის შემთხვევებში მედიკამენტზე წვდომა პაციენტისთვის და ხარჯების ანაზღაურება უკვე არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ამდენად, ბაზარზე და მით უფრო შავ ბაზარზე, არავინ შეეცადოს ამ მედიკამენტის მოძებნას“,
– აცხადებს გაბუნია.

კარახან იბრაგიმოვი სახელმწიფოს სთხოვს, გაწეული ხარჯი აუნაზღაუროს.

„საავადმყოფომ მომცა ფორმა 100, ასევე დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი, რომ ნამდვილად ჩვენ ვიყიდეთ ნემსი. იქნებ მთავრობა დამეხმაროს და ამინაზღაუროს, რაც დავხარჯე. მე სხვა თანხა საავადმყოფოში არ გადამიხდია, 8 დღეა აქ ვართ და მხოლოდ ეს ნემსი ვიყიდეთ. “

როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი, რომელსაც აქვს კლინიკის მიერ გაცემული შესაბამისი ფორმა 100 და უკვე გადაიხადა იმუნოგლობულინის შესაძენად თანხა 5 ლარამდე, რომ სახელმწიფომ ეს ხარჯი აუნაზღაუროს? – speqtri.ge-მ ამ კონკრეტული კითხვით მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურს, სადაც საკითხის გარკვევას დაგვპირდნენ. თუმცა, გუშინ მთელი მთლი დღის ლოდნის შემდეგ მხოლოდ მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ვიდეო კომენტარი გამოგვიგზავნეს, სადაც ის ზოგადად, კოვიდ 19 მკურნალობის დაფინანსების საკითხზე საუბრობს.

ასე რომ, კვლავ ღიად რჩება კონკრეტული კითხვა, რომელზე პასუხსაც კარახან იბრაგიმოვის ოჯახი ელის.

Speqtri.ge კვლავაც დაუკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს, რათა მსგავს სიტუაციაში მყოფმა პაციენტებმა შესაბამისი ინფორმაცია მიიღონ.

| Print |
FaceBook Twitter Google