საზოგადოება
11 წლის გოგოს ნიშნობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს
11 წლის გოგოს და 15 წლის ბიჭის სავარაუდო ნიშნობის ფაქტს სახალხო დამცველი ეხმიანება. როგორც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, მათ უკვე დაიწყეს მოკვლევა სოციალურ ქსელში გავრცელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.
„საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოიპოვეს დამატებითი ინფორმაცია, რის შესახებაც დაუყოვნებლივ მოხდა სამართლდამცავი უწყების ინფორმირება.
სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ ხშირია ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინება, ასევე, ნიშნობის მანკიერი პრაქტიკა. საქართველოს სახალხო დამცველის შესწავლილი საქმეები მიუთითებს, რომ აღნიშნულ შემთხვევებს უმეტესად იძულებითი ქორწინების ფორმა აქვს და თავისუფლების უკანანო აღკვეთის ან მშობელთა შორის გარიგების შედეგია. სახელწიფოს მიერ ამ მიმართულებით, მათ შორის, პრევენციის მიზნით გადადგმული ნაბიჯები, სათანადოდ არ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს.“- აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი სამართალდამცავ უწყებებსა და ბავშვზე ზრუნვის ორგანოებს მოუწოდებს აღნიშნულ ფაქტზე მოახდინონ მყისიერი რეაგირება, ქორწინების იძულების აღკვეთა და ბავშვის საუკეთესო ინტერესის უგულებელყოფის შემთხვევის შესწავლა. ნინო ლომჯარიას შეფასებით, აუცილებელია არასრულწლოვანთან და მის ოჯახთან მუშაობა. ამასთან, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საზოგადოებასთან მუშაობა ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების დანაშაულებრივი ფაქტების პრევენციისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო და ფოტო მასალა, სადაც ფონიჭალაში მომხდარი, სავარაუდოდ 11 წლის გოგონასა და 15 წლის ბიჭის ნიშნობაა ასახული.
| Print |
FaceBook Twitter Google