საზოგადოება
მივმართავ პრემიერს და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს შეაფასონ რისკები, რაც შეიძლება არჩევნების ჩატარებას ახლდეს - ნინო ლომჯარია
არჩევნების გადადება-არ გადადების საკითხი არ არის წმინდა პოლიტიკური, უფრო მეტად, ეს არის ეპიდემიოლოგიური და ადამიანის უფლებების საკითხი, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.


მან ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს და პოლიტიკოსებს არჩევნების ჩატარების შემთხვევაში არსებულ რისკებზე შეფასებების გაკეთებისკენ მიმართა.

„ეპიდემიოლოგები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ჯანდაცვის სექტორი არის გადატვირთული, არათუ პაციენტების მიღება, არამედ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევაც ხშირ შემთხვევაში უჭირთ და უგვიანდებათ. შარშან არჩევნების შემდგომ გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა და ეპიდემიოლოგებიც აღიარებენ, რომ არჩევნები არის ფაქტორი, რომელიც ზრდის ინფიცირებულთა რაოდენობას. როდესაც დღეს ჯანდაცვის სექტორი არის იმდენად გადატვირთული, რომ ვსაუბრობთ საველე ჰოსპიტლებზე და სტუდენტების ჩართვაზე, ვინაიდან ადამიანური რესურსის ნაკლებობა გვაქვს, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - თუ ყველა ვაღიარებთ, რომ არჩევნები ზრდის მობილობას და ინფიცირებულთა რაოდენობას, მაშინ გაუგებარია რა გეგმა აქვს სახელმწიფოს ერთ თვეში, როდესაც კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. რატომ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას ადამიანების სიცოცხლის უფლების ხარჯზე, რადგან ერთ თვეში ყველა ვაცნობიერებთ, რომ ამის გამო შესაძლებელია ვერ მივიღოთ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ჩემი მიმართვის ადრესატი იყო პრემიერ-მინისტრი, იმიტომ, რომ მას აქვს უფლება გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, რაც არის არჩევნების გადადების ერთადერთი საფუძველი. თვითონ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. ასევე მივმართავ ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებსაც, გააკეთონ თავიანთი პროგნოზები და გვითხრან ინფიცირებულების რამხელა ზრდას ელოდებიან არჩევნების შემდგომ და არის თუ არა მზად ამისთვის ჯანდაცვის სექტორი. თუ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ უფრო მეტი მოქალაქის გარდაცვალება, რატომ არ ვდგავთ დღეს ამ ნაბიჯს. ვფიქრობ, ყველა პოლიტიკოსის უპირველესი ვალდებულებაა ფიქრობდეს ამაზე, ამიტომ მათაც მოვუწოდებ, შეაფასონ ის რისკები რაც შეიძლება ახლდეს არჩევნების ჩატარებას“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

| Print |
FaceBook Twitter Google