საზოგადოება
არჩევნების გადადების მოთხოვნა პირდაპირ ნიშნავს პოლიტიკურ კაპიტულაციას - შალვა პაპუაშვილი
ჩვენ ჯერ კიდევ სამი კვირის წინ გავასაჯაროვეთ ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობა გეგმავს თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირებას, ვინაიდან მათივე მონაცემებით, მათ ამ არჩევნებში წარმატების არავითარი შანსი არ გააჩნიათ, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი.

შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ “არჩევნებამდე ერთი თვით ადრე არჩევნების გადადების მოთხოვნა პირდაპირ ნიშნავს პოლიტიკურ კაპიტულაციას, რამდენიც არ უნდა ისპეკულირონ თითქოსდა მათ მოსახლეობის ჯანმრთელობა აინტერესებთ”.

“ჩვენ პანდემიის თითქმის ორწლიან პერიოდში ვხედავდით ნაციონალური მოძრაობის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ეპიდსიტუაციის და მათ შორის რეგულაციების მიმართ. რატომღაც მათ მხოლოდ ახლა გაახსენდათ, რომ ჩვენი ქვეყანა პანდემიის პირობებში ცხოვრობს.
ნაციონალური მოძრაობის კამპანია სამ ამოცანას ემსახურება:

· საჭიროების შემთხვევაში წინმსწრებად ჰქონდეთ მომზადებული საბაბი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოსაცხადებლად,

· მეორე- არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, გარდაუვალი მარცხის შემდეგ გამოაცხადონ, რომ ეს მარცხი მძიმე ეპიდვითარებამ გამოიწვია და თითქოს ჩატარებული არჩევნები მოსახლეობის ნებას სრულფასოვნად არ გამოხატავს;

· მესამე, რომ წინასაარჩევნო პერიოდში აწარმოონ მადისკრედიტირებელი კამპანია ხელისუფლების მიმართ, თითქოს ჩვენ არ გვაინტერესებს მოსახლეობის ჯანმრთელობა და ამის გამო არ ვდებთ არჩევნებს.

სინამდვილეში ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი მიზეზი – მათ ზუსტად იციან, რომ დამარცხდებიან.რაც შეეხება არჩევნების კოვიდუსაფრთხოდ ჩატარებას. ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ წინასაარჩევნო კამპანია და უშუალოდ არჩევნები. არჩევნები ჩატარდება, ჩატარდება კოვიდუსაფრთხოდ და ჩვენ ამ არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ”,- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.



| Print |
FaceBook Twitter Google