საზოგადოება
8 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი - გურჯაანელი მოცურავეების წარმატება
6 და 7 ნოემბერს ბათუმში გამართულ ცურვის შეჯიბრზე გურჯაანელმა მოცურავეებმაც მიიღეს მონაწილეობა. ახალგაზრდები გურჯაანიდან „კახეთის სპორტის წყლის სახეობათა ფედერაციამ“ წაიყვანა.შეჯიბრზე 6 გურჯანელი მოცურავე იღებდა მონაწილეობას. ორი დღის განმავლობაში იყო 2 ესტაფეტა, სადაც სპორტსმენები გუნდურად ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს და ასევე იყო ინდივიდუალური შეჯიბრიც.

გურჯაანელმა მოცურავეებმა ჯამში 8 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი აიღეს.

„თავისუფალი სტილით ესტაფეტაში მონაწილეობა მიიღეს ნინო მამუკაშვილმა, მარიამ ქვლივიძემ, მარიამ გეთიაშვილმა და ნინო ზარდიაშვილმა, თითოეულმა მათგანმა ოქროს მედლები აიღო.
კომბინირებულ ესტაფეტაში მონაწილეობდნენ ნინო მამუკაშვილი, ნინო ზარდიაშვილი, მარიამ ქვლივიძე და მარიამ პაპუნაშვილი, აქაც ოთხივე მონაწილემ ოქროს მედლები აიღო.
რაც შეეხება ინდივიდუალურ შეჯიბრებებს, ზურგზე ცურვაში მარიამ ქვლივიძემ აიღო 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი, ხოლო ნინო მამუკაშვილმა თავისუფალი სტილით კროლში 100 მეტრსა და 200 მეტრზე აიღო 2 ვერცხლის მედალი.“- გვითხრა „კახეთის სპორტის წყლის სახეობათა ფედერაციის“ პრეზიდენტმა გურამ მამუკაშვილმა.

მარიამ პაპუნაშვილი 11 წლისაა დაუკვე 4 წელია, რაც ცურვაზე დადის. ამ ხნის მანძილზე მან ჯამში 5 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი დააგროვა.

„6 და 7 ნოემბერს ბათუმში ვიყავით შეჯიბრზე, აუზ „მარინაში“. გუნდურ ცურვაში ავიღე პირველი ადგილი. რაც შეეხება ინდივიდუალურ ცურვას, მიუხედავად იმისა, რომ ისეთ მოცურავეებს ვეჯიბრებოდი, რომლებთანაც დარწმუნებული ვიყავი, ვერ ავიღებდი ადგილს, ჩემი შედეგი მაინც გავაუმჯობესე, გამოცდილება მივიღე და კმაყოფილიც ვარ. მსურს ცურვა პროფესიონალურ დონეზე გავარგძელო. თავდაპირველად ცურვაზე ძალით შემიყვანეს, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო სპორტული ცურვა და შემდეგ თბილისიდან ჩამოვიდა ჩვენი მწვრთნელი, რომელმაც ბავშვები აარჩია და მეც მათ შორის მოვხვდი. ამის შემდეგ დავიწყე სპორტული ცურვა.“-ამბობს მარიამ პაპუნაშვილი Speqtri.ge- სთან საუბარში.

თანრიგოსანი სპორტსმენები: მარიამ პაპუნაშვილი, მარიამ ქვლივიძე, ანა მამუკაშვილი, ნინო მამუკაშვილი და ნინო ზარდიაშვილი ნოემბრის ბოლოს მორიგი შეჯიბრისთვის ემზადებიან, რომელიც თბილისში გაიმართება.
| Print |
FaceBook Twitter Google