საზოგადოება
რის შესაძლებლობას აძლევს გურჯაანელ ახალგაზრდებს ახალგაზრდული საბჭო
გურჯაანის ახალგაზრდული საბჭო 2017 წლიდან ფუნქციონირებს და არის კულტურის ცენტრთან არსებული ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც ძირითადად ხუთი მიმართულებით მუშაობს: არაფორმალური განათლება, სპორტი, ეკოლოგია, კულტურა და ტურიზმი.

როგორც „ახალგაზრდული საბჭოს“ პრეზიდენტი ელენა მინდორაშვილი Speqtri.ge-სთან ამბობს, ორგანიზაციის უმთავრესი მიზანია ახალგაზრდების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა, მათი აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბება და თანამოაზრეებთან ერთად მუნიციპალიტეტის განვითარების ხელშეწყობა.

„გურჯაანი არ არის ქალაქი, სადაც მობეზრებული გვაქვს გართობა. ჩემი აზრით, ახალგაზრდული საბჭო ეხმარება თინეიჯერებს, რომ ერთფეროვან ცხოვრებას მოსწყდნენ, გააქტიურდნენ, ჩაერთონ საზოგადოებრივ საქმიანობაში და პიროვნულად განვითარდნენ,“- გვეუბნება ელენა, რომელიც პრეზიდენტი 31 ოქტომბერს გახდა.

არჩევნები საბჭოში ყოველწლიურად ტარდება, წევრები ერთი წლის ვადით ირჩევენ პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტსა და კლუბების ლიდერებს. ამ ეტაპზე საბჭოში 100-მდე წევრია.

„პრეზიტენტის პოზიციაზე კენჭისყრა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ვთვლი, საკმარისი გამოცდილება დავაგროვე ჩემი საბჭოში ყოფნის დროს. მიყვარს საბჭოც, თითოეული წევრიც და ის პროცესიც, როდესაც ახალგაზრდებისთვის რაღაცას ვაკეთებ, რითაც მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ ვცვლი. საბჭო არის ადგილი, სადაც ნებისმიერი წევრის იდეა რეალიზდება,“ - გვეუბნება ელენა.

ახალგაზრდული საბჭო ახალ წევრებს წელიწადში ერთხელ იღებს. მსურველებმა უნდა შეავსონ ონლაინ განაცხადი და გაიარონ გასაუბრება. ასაკობრივი ზღვარი 13-დან 29 წლამდეა.

დაარსებიდან საბჭოს ბევრი მასშტაბური პროექტი განუხორიელებია, მათ შორის, „90-იანების წვეულება“, „Flea Market“, ჭადრაკის ტურნირი, სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიება, ჩანახატების კონკურსი, “Movie night” და სხვა.

„გამოვარჩევდი არაფორმალური განათლების კუთხით ჩატარებულ ღონისძიებებს, მაგალითად, „მოაზროვნესა“ და „სინემაჯიქს“. ასევე გამოვარჩევდი მერიასთან ერთად განხორციელებულ „ყველის ფესტივალსა“ და „ღვინის ფესტივალს“, სადაც ჩვენი ორგანიზაციის წევრების როლი უდიდესი იყო. ეს იყო პროექტები, სადაც საბჭოელებმა მიიღეს უდიდესი გამოცდილება, რის გამოც ეს ღონისძიებები ახალგაზრდული საბჭოს ორგანიზებულად ითვლება,“- ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში ელენა მინდორაშვილი.

ახლო მომავალში ახალგაზრდული საბჭო გეგმავს „მხიარული სტარტების“, იმიტირებული სასამართლოსა და ბრიტანული საპარლამენტო სტილით დებატებს.
| Print |
FaceBook Twitter Google