საზოგადოება
უკრაინაში ორჯერადად აცრილი მოქალაქეები 1000 გრივნას მიიღებენ
დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ ორჯერადად აცრილი მოქალაქეები 1000 გრივნას (38 აშშ დოლარს) მიიღებენ. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია „ფაქტი“ ავრცელებს.

მიღებული თანხის გამოყენება უკრაინის მოქალაქეებს საცურაო აუზის აბონემენტის შესაძენად, ფიტნეს-კლუბში, სპორტულ დარბაზში, კინოში, თეატრში, კონცერტზე, მუზეუმში ან გამოფენაზე წასასვლელად შეეძლებათ. ასევე უკრაინელებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილობრივი ავიარეისების ან სარკინიგზო მიმოსვლის ბილეთები შეიძინონ.

პროგრამა 2021 წლის 19 დეკემბრიდან იწყება. თანხის მიღება მობილური აპლიკაციით იქნება შესაძლებელი, თუმცა ვისაც არ აქვს ტექნიკა, მათთვის შემუშავდება თანხის მიღების ალტერნეტიული გზები, რის გამოც პროგრამა ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდება.



შეგახსენებთ, რომ მსგავსი წამახალისებელი აქცია საქართველოში პენსიონერებთან მიმართებით დაიწყო. კერძოდ, ის პენსიონერები, რომლებიც 1 იანვრამდე აიცრებიან, სახელმწიფოსგან 200 ლარს მიიღებენ.

გარდა ამისა, ჩვენს ქვეყანაში ვაქცინირებული პირებისთვის თამაშდება ლატარეა.
| Print |
FaceBook Twitter Google